მოესწრება გადასახლება?

უახლეს გამოკვლევათა შედეგები ადასტურებენ რომ ადამიანი აფრიკაში წარმოიშვა და შემდეგ ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინენტს, ანუ თითქმის მთელს პლანეტას მოედო. თუმცა, მასე დანარჩენი ცხოველებიც სადღაც ჩაისახნენ და მოგვიანებით გავრცელდნენ სხვა ტერიტორიებზე, ერთდროულად ყველგან არცერთი არსება გაჩენილა.
ამასთან ერთად, დღესდღეობით არ არსებობს დედამიწაზე წარმოშობილი სულიერი, რომელსაც შესძლებოდა ამ ციური სხეულის დატოვება და სხვაზე ფეხის მოკიდება. რაღა თქმა უნდა საინტერესოა, ადამიანი თუ მოერევა ამ ამოცანას, თუ დასძლევს კოსმოსს და იცხოვრებს შორეულ მზეებთან? რატომ მაინცდამაინც ადამიანი თუ სხვებმა ვერ ქნეს? იმიტომ რომ მისი ჭკუით იგი ძალიან გონიერია, სახელიც კი შესაბამისი უწოდა თავს: Homo sapiens sapiens, რაც ლათინურიდან ითარგმნება როგორც: „ბრძენი ბრძენი პიროვნება“. ჰოდა რამდენს გასწვდება ეს ორსართულიანი სიბრძნე, მართლაც ხომ საინტერესოა? ან იქნება ამხელა გონიერებამ მას ის დაამტკიცებინოს რომ ადგილზე უნდა დაეტიოს, გალაქტიკური მომთაბარეობა სისულელეა?
როგორც არ უნდა იყოს, პირველად, ისე, ყოველი შემთხვევისთვის, ალბათ ის უნდა დადგინდეს, საერთოდ თუ არსებეოს ამ სამყაროში ადგილი, სადაც ადამიანს ეცხოვრება. ჯერჯერობით ასეთი მხოლოდ ერთია ცნობილი, რომლის მისამართია: პლანეტა დედამიწა, მზის სისტემა, კასიოპეას თანავარსკვლავედი, სპირალის ბოლოსწინა ხვეული გალაქტიკა ირმის ნახტომში.
თანამედროვე მეცნიერება ამტკიცებს რომ ისეთი სიცოცხლე როგორიც ჩვენ ვიცით, იარსებებს მხოლოდ იმ პლანეტაზე, რომლზეც წყალი მოიპოვება. ამასთან ერთად აზუსტებენ რომ წყალი უნდა იყოს თხევად მდგომარეობაშიო. ბარემ ეთქვათ — კლდე უნდა იყოს მყარ მდგომარეობაშიო. იმიტომ რომ არათხევად მდგომარეობაში მინერალ H2O -ს ეწოდება ყინული, თოვლი, სეტყვა ან ორთქლი.
წყალი კი იმ გარემოში არსებობს, რომელშიც ტემპერატურა არ ჩამოდის ცელსისუსის 0- გარდუსს ქვემოთ და არ ადის 100-ს ზემოთ. იმის გათვალისწინებით რომ ტემპერატურას ცვლილებათა აუზარმაზარი დიაპაზონი გააჩნია სამყაროში, აბსოლუტური ნულიდან დაწყებული (დაახლ. -273 °C) და ვარსკვლავთა ბირთვებში ასეულ მილიონ გრადუსებამდე დამთავრებული, პლანეტისთვის უკიდურესად ძნელია ზუსტად „გაარტყას“ ამ ასგრადუსიან მონაკვეთს. დედამიწამ ცხადია შესძლო ეს — საშუალო ტემპერატურა მის ზედაპირზე 14,5 °C გრადუსია.
ეგ იმიტომ გამოუვიდა რომ იგი თავისი ვარსკვლავის ე.წ. დასახლებად არეში იმყოფება, ანუ განლაგებულია მზისგან არც ძალიან შორს და არც ახლოს, რის შედეგადაც ზუსტად იმდენ სითბოს იღებს მნათობისგან, რამდენიც ექიმმა გამოუწერა.
მაგრამ თურმე ამ სითბოს ამბავი მთლად ასე მარტივად არაა, იგი მარტო დაშორებაზე არ ყოფილა დამოკიდებული და შესაბამისად, ამ დასახლებადი არის საზღვრები მარტო მნათობამდე მანძილით არ გამოითვლება.
მაგალითად, თავიდან მიიჩნეოდა რომ პლანეტა ზუსტად ამ არეშია მანამ, სანამ იმდენად არ დაშორდება ვარსკვლავს, რომ სიცივის გამო მისი ატმოსფეროდან ნახშირბადის ორჟანგი არ „ამოიყინება“, რის შემდეგაც ქრება სათბურის ეფექტი და პლანეტის ზედაპირიც იმდენად ცივდება, რომ წყალს ვეღარ ინარჩუნებს.
ჩვენს მზესაც ცხადია თავისი დასახლებადი არე აქვს და მისი საზღვრებიც მალე დაადგინეს ვითომ. ამ არის გარეთა, მნათობისგან შორეული კიდის იქეთ მყოფ პლანეტებზე ძალიან ცივა და წყალი იყინება. ხოლო ახლო კიდის აქეთ განლაგებულ ციურ სხეულებზე ძალიან ცხელა, წყალი ორთქლდება ან საერთოდაც იშლება ჟაგბადად და წყალბადად.
გამოხდა ხანი და მარსის მაგალითმა გააბათილა ეს მონდომებით გამოთვლილი საზღვრები. ერთ საშუალო ავტოპარკს რომ ეყოფა იმდენი ამერიკული მარსმავლის ათი წლის განმავლობაში ხეტიალმა და მათ მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაამტკიცეს რომ ამ პლანეტაზე ოდესღაც იყო მდინარეები, რომლებშიც ზუსტად რომ ჩვეულებრივი წყალი ჩუხჩუხებდა.
კი მაგრამ მარსი ხომ ზედმეტად შორს მყოფად ითვლებოდა იმ ადგილიდან, სადაც მასზე ჯერ კიდევ შეიძლება წყლის არსებობა, მაშ ეს როგორ? როგორ და. შემდგომმა, უფრო დახვეწილმა კვლევებმა ახსნეს ეს უცნაურობა: თურმე სათბურის შექმნა არამარტო ნახშირორჟანგს ძალუძს, არამედ წყალბადსაც, ოღონდ სხვა მექანიზმით. თუ სათბურის გაზი ანუ ნახშირორჟანგი, ატმოსფეროდან გარეთ, კოსმოსში არ უშვებს სითბოს, წყალბადი თავად წარმოქმნის სითბოს სხვა მოლეკულებთან შეჯახებისას. ამავე დროს იგი არ ამოიყინება ატმოსფეროდან, რადგან ამისთვის გაცილებით უფრო დაბალი ტემპერატურაა საჭირო ვიდრე მარსზეა.
მაგრამ ეს პლამეტა პატარაა, მას დედამიწასთნ შედარებით სუსტი მიზიდულობა აქვს. მაგალითად, აქ თუ შაქრის ტომარა 50კგ-ს იწონის, იქ იგი სულ რაღაც 19 კილო იქნება. ამიტომ ამ პლანეტამ ვერ შესძლო წყალბადის შენარჩუნება, რომელიც კოსმოსში გაიფანტა და შედეგად ამ ციური სხეულის ზედაპირიც სასტიკად გაითოშა.
რას აჩვენებს ეს მაგალითი? რას და იმას რომ რაც მეტი გროვდება ცოდნა, მით უფრო ზუსტდება დასახლებადი არის საზღვრები.
ადრე ითვლებოდა რომ ამ არის შიგა კიდე ჩვენგან უშველებელი 75 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული. მაგრამ, როგორც უკვე ითქვა, დროთა განმავლობაში ცოდნის მარაგმა იმატა და ერთხელაც გამოირკვა რომ ატმოსფერულ დინებებსაც დიდი გავლენა აქვთ სითბოს განაწილებაზე. ამის გათვალისწინებით ეს შიგა ზღვარი თურმე მზისგან გაცილებით შორსაა, ხოლო ჩვენგან ახლოს — 26 მილიონი კილომეტრში. სხვათაშორის ამ დაზუსტებამ ისიც ახსნა, თუ რატომაა ვენერაზე ნამდვილი ჯოჯოხეთი, როცა ის თითქოს „სწორ“ ადგილას მყოფად მიიჩნეოდა მანამდე და იქ მშვენიერი ჰავა უნდა ყოფილიყო.
სპეციალისტები(სადაც არიან) გამუდმებით სრულჰყოფენ დაკვირვების ხერხებსა და ხელსაწყოებს. შედეგად მათმა უკანასკნელმა კვლევებმა აღმოაჩინეს რომ მზესთან მიახლოვებისას სწრაფად იზრდება მისი ულტრაიისფერი გამოსხივების ძალა. იმდენად რომ იგი შლის აორთქლებული წყლის მოლეკულებს ჟაგბადად და წყალბდად, ხოლო წყალბადი, როგორც ვნახეთ, აძლიერებს სათბურის ეფექტს ანუ ზრდის ტემპერტურას პლანეტის ზედაპირზე.
ამ ეფექტის გათვალსწინებით საბედისწერო არემ უკვე 7,5 მილიონ კილომეტრზე მოიჩოჩა. შედარებისთვის გავიხსენოთ რომ ტელესკოპი „კეპლერი“, რომელმაც უკვე ათასობით პლანეტა აღმოაჩინა სხვა ვარსკვლავებთან და რომელიც დედამიწის ირგვლივ კი არ ბრუნავს, არამედ „კუდში“ მისდევს მას მნათობის ირგვლივ ტრიალისას, 19 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული ჩვენი პლანეტისგან.
აქედან კი გამომდინარეობს რომ ჩვენი სახლი სრულიად არასასურველ მახლობლობაში ყოფილა იმ ზღვართან, რომლის იქეთ მას ჩამოერთმევა წყალი და შესაბამისად სიცოცხლეც. მოვიხრაკებით.
როგორც ყველა ვარსკვლავს, ისე ჩვენს მზესაც ეწურება საწვავი — წყალბადი. ეს გაზი გადაიქცევა სხვად — ჰელიუმად, რომელიც თანდათან გროვდება და მკვრივდება მზის ბირთვში, რისი მზარდი მიზიდულობაც დარჩენილი წყალბადის ატომებს გახშირებულად აჯახებს ერთმანეთს. ამის გამო მზის ტანში სულ უფრო მეტი ენერგია წარმოიქმნება, იგი მეტად ხურდება, მოცულობა ეზრდება, ანუ ფართოვდება და არასასიამოვნოდ გვიახლოვდება.
ერთი სიტყვით, უკანასკნელი მონაცემებით სიცოცხლე დედამიწაზე უკვე არა 5, არამედ მხოლოდ 0,5-0,8 მილიარდ წელს გასტანს, ანუ დაახლოებით იმდენს, რამდენიც აქამდე მრავალუჯრედიანმა ორგანიზმებმა — ჩვენნაირებმა იარსებეს მასზე.
მაგრამ საქმე ისაა რომ კვლევათა მეთოდების სრულყოფა არ შეჩერებულა ზუსტად დღეს და თუ ათეული წლის განმავლობაში მანძილი დედამიწის ორბიტიდან დასახლებადი არის კიდემდე ათჯერ შემცირდა, ხოლო იმ დროის მონაკვეთი, როცა ჩვენს პლანეტაზე შენარჩუნდება სიცოცხლის საარსებო პირობები, ასევე ათჯერ შეიკვეცა — ხუთიდან ნახევარ მილიარდ წლამდე, საიდან ვიცით ჩვენ რომ მოდელირების შემდგომი დაზუსტება არ შეამცირებს ამ შუალედს ათეულ, ან სულაც ერთეულ მილიონ წლებამდე?
რა თქმა უნდა, მილიონი წელიც უზარმაზარი დროა და მის განმვლობაში ბევრის ქმნა მოესწრება, მაგრამ მაინც გამოდის რომ ახალი მიწის პოვნა არცთუ მთლად წმინდა სამეცნიერო ამოცანაა.
წმინდა სამეცნიერო კი არა, ესაა ალბათ ერთი იმ მიზეზთაგანი, რომლის გამო კოსმოსური მოგზაურობებისადმი თითქმის მიმკვდარი ინტერესი ბოლო ხანებში ისევ გამოცოცხლდა. თუმცა, ეს მართლაც რომ ერთ-ერთი მიზეზია და ისიც არამთავარი. იმიტომ რომ როცა შენობის ქვედა სართულს ხანძარი უკიდია და იცი, მიუხედვად იმისა შენ მეასე სართულზე ხარ, ცეცხლი მაინც ამოაღწევს შენამდე, რამდენი ც არ უნდა იდარდო ამის გამო მაინც არაფერი გეშველება თუ წასასვლელი არსად გაქვს.
ჰოდა ზუსტად მაგ საკითხში, გასაქცევის აღმოჩენაში მოხდა ძირფესვიანი ძვრები. კერძოდ კი ის, რომ ერთ უზარმაზარ, მრავალათასწლოვან, რომლის გამო ხალხს კოცონზეც კი სწვავდნენ, ფილოსოფიურ-რელიგიურ კითხვას გაეცა პასუხი 1992 წელს. ამან მართლა ხელახალი ცეცხლი შეუნთო ვარსკვლავებისკენ ლტოლვას.
იქამდე ხომ ძალიან დიდი ხანი, საუკუნეთა და საუკუნეთა, ეპოქათა განმავლობაში მიიჩნეოდა რომ დედამიწა ზებუნებრივი, ღვთაებრივი ძალის მიერ ნაკეთები ერთადერთი და განუმეორებელი ქმნილებაა. მართალია ღმერთების სიუხვის გამო ჩვენი პლანეტის დამზადებაც სხვადასხვა ხერხით ხდებოდა, მაგრამ მის ერთადერთობას არავინ აყენებდა ეჭვქვეშ. შეიძლება ითქვას რომ ეს იმ იშვიათ საკითხთაგანია რაშიც სხვადასხვა კონტინენტის ღმერთებს სრული თანხმობა აქვთ.
მაგრამ მერე გამოვიდა კოპერნიკი და თქვა რომ დედამიწა სულ არაა ერთადერთი, პირიქით — ერთი ჩვეულბრივი პლანეტაა, რომელიც სხვა მის მსგავსებთან ერთად ბრუნავს მზის გარშემოო. ამან სერიოზულად გაანაწყენა ეკლესია მაგრამ სამეცნიერო ფაქტების წნეხმა საბოლოოდ ისიც აიძულა ჩამოექვეითებინა ჩვენი პლანეტა და მის ნაცვლად მზის სისტემისთვის მიენიჭებინა ერთადერთობის სიგელი. ამ ახალი სერტიფიკატის გაბათილება მეცნიერებმა კაი ხანს ვერ შესძლეს რადგან უიარაღოდ, ანუ ფაქტების გარეშე იყვნენ, რომელთა უიმისოდაც ზებუნებრივ ძალას ვერაფერში დაარწმუნებ, ლოგიკასთან მწყრალადაა.
თუმცა, კაცმა რომ თქვას, კოპერნიკის გამოსვლა სინამდვილეში არც ისე პირველი იყო. ჯერ კიდევ 2300 წლის წინ, საბერძნეთში, არისტარქუს სომოსელმა გამოთქვა მოსაზრება რომ მზეა მთავარი და არა დედამიწაო, მაგრამ მაშინდელ მის გამოხტომას ხელადვე წიხლი ჰკრეს რადგან განთქმული პტოლემეუსი გაცილებით უფრო ავტორიტეტიანი ვინმე იყო და ამიტომ მისი გეოცენტრული (დედამიწა ყველაფრისშუაშიული) თეორია განუყრელად ბატონობდა მომდევნო 1800 წლის განმავლობაში. მით უმეტეს, ყველა რელიგიას აწყობდა.
ასე რომ კოპერნიკიდან დაწყებული უსუსურად და რელიგიის მსახურთა წინაშე თავჩაქინდრულად დგომა იმ მიზეზით რომ ვერ ამტკიცებდნენ მზის სისტემის არაუნიკალურობას, სწავლულებს კიდევ 450 წლის განმავლობაში მოუწიათ. სანამ, გაგეცინება კაცს! ისევ პოლონელმა — ალექსანდრე ვოლშჩანმა (Aleksander Wolszczan) 1992- ში არ აღმოაჩინა პირველი პლანეტა სხვა ვარსკვლავთან (უფრო სწორად პულსართან, ანუ ყოფილ ვარსკვლავთან). თუმცა ამ ალექსანდრეს მისი სახელგანთქმული თანამემამულე-წინამორბედის სადარი პატივი არ მოუწია. ცოტა მოგვიანებით გამოირკვა რომ იგი არამარტო პლანეტებს უთვალთვალებდა, არამედ ხალხსაც — უშიშროების შპიონი ყოფილა წლების განმავლობაში. რას არ გაიგებ?…
საინტერესო ფაქტი კიდევ ისაა რომ მზის სისტემის გარეთ პლანეტის აღმოჩენა ზუსტად ხუთი საუკუნის შემდეგ მოხდა იმის მერე, რაც კოლუმბმა დედამიწაზე აღმოაჩინა ახალი „პლანეტა“ 1492 წელს!
დავუბრუნდეთ კოსმოსს. პირველის მერე, როგორც ჩვეულებრივაა ხოლმე როცა სეზონი გაიხსნება, პლანეტების აღმოჩენა პანტაპუნტით წავიდა! დღეისათვის ათასზე მეტია უკვე სიაში შეტანილი და კიდევ ერთი ამდენი ელოდება „საშტატო ერთეულად“ დამტკიცებას. მარტო 2009 წლის მარტში ამოქმედებულმა, ზემოთ ნახსენებმა ტელესკოპ „კეპლერმა“ აღმოაჩინა 2300 ცალი. არადა რამდენი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა რომ ჩვენი სისტემის 9 პლანეტის მეტი არაა სამყაროში…
მცირეხნიან უგუნებობას ამ ბოლო 27 წლის განმავლობაშიც ჰქონდა ადგილი, როცა თავიდან მხოლოდ იუპიტერისნაირ, ანუ სიცოცხლისთვის გამოუსადეგ პლანეტებს ნახულობდნენ. მაგრამ მალე გამოირკვა რომ ეს მხოლოდ ოცი წლის წინანდელი ტექნიკის სისუსტე ყოფილა. ახლანდელი მონაცემებით ჩვენს გალაქტიკაში — ირმის ნახტომში, 28 მილიარდი დედამიწის ზომის პლანეტა უნდა იყოს. რამდენიმე ნახეს უკვე კიდეც, თან ერთი მათგანი დასახლებად არეშიცაა და მზის ტყუპისცალ მნათობთანაც — კეპლერი 452-ბ (Kepler 452-b), მაგრამ არის თუ არა რომელიმე მათგანზე სიცოცხლე, ამის გაგება ჯერ არ ხერხდება, ცოტა კიდევ უნდა განვითარდეს ტექნოლოგია.
ანუ საბოლოოდ — რადგან გაირკვა რომ დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობა გარდაუვალია, გამოდის ახალი საცხოვრებლის მოძიება და ზემოთ ნახსენები მომთაბარეობა აუცილებელია. ადამიანიც ინსტინქტის დონეზე ემზადება მისთვის, ისევ გეგმავს და ამზადებს კოსმოსურ მოგზაურობებს.
მოესწრება კი?
მეორე მხრივ, თუ არ მოესწრო სხვაგან ფეხის მოკიდება და ამასობაში თავად ჩვენი პლანეტა და საერთოდ სისტემა, დაძველებულმა მზემ გაანადგურა, მერე რა? ბოლოს და ბოლოს აქ თუ გაქრნენ, სხვა მნათობებთან ხომ დარჩებიან ცოცხალი არსებები? ჩვენთვის კი, იმ დროს უკვე დინოზავრებივით გადაშენებულთათვის, განა სულერთი არ იქნება ვინ სად ცოცხლობს? აბა, მეტი არსადაა სიცოცხლეო რომ დავიჩემოთ, მაშინ ხომ იმ უბირ წინაპრებს დავემსგავსებით, რომლებიც ჯერ ათასეული წლების განმავლობაში იძახოდნენ — დედამიწა განსაკუთრებული ადგილიაო, მერე კი, საუკუნეთა მანძილზე — მარტო ჩვენი მზე დაასაჩუქრეს პლანეტებითო.

Добавить комментарий