რომანის დასაწყისი

თავი1
ამ, მორიგ პაპანაქება დღეს, იასე ბილიკაძე აუზის პირას, პლასტმასის საწოლზე იწვა და დიდ, წითელ-ყვითელ ზოლებიან ქოლგას აფარებდა თავს. ისეც არ იყო რომ ხვატისგან თავდაცვის ეს ხერხი მარტოს აღმოეჩინოს. სასტუმროს დანარჩენი ბინადრებიც მასზე არანაკლებ მოსაზრებულნი ყოფილან და ისინიც მარმარილოს ნაპირებიან, ცივი წყლით სავსე გუბურასთან მოგროვილიყვნენ.
ცხადია, ამის გამო იასე დიდის და პატარას განაჩაღებ, ყურისწამღები გნიასის შუაში მოექცა. მისი ხელობის კაცს ეს სულ არ ეფონებოდა გულზე მაგრამ რა ექნა? ნომერში შემალვას და კონდიციონერთან ჩახუტებას ისევ ეს ამჯობინა.
მოწყენილობასაც რომ გრძნობდა? ბოლო რამდენიმე წუთი ზუსტად ამ უხასიათობის მიზეზზე ფიქრობდა და დაადგინა კიდეც ის — თურმე ცხოვრების ერთფეროვნებაა ამაში დამნაშავე. აბა რა ჰქვია ამას: დილა-საღამოს ზღვა, შუაში ხან ექსკურსიით, ხანაც რითი გამორიდება სიცხეს, ღამე რესტორანი და დისკოთეკები ახალ ნაცნობებთან ერთად? თანაც ყოველ დღე, გადაბმული ერთი კვირა. თუმცა, ამ სიას რომ გადახედა გუნებაში, გაკვირვებულიც კი დარჩა -ამდენი საქმის პატრონს მოწყენილობა საიდან სად, ან ამის გარდა კურორტზე მეტი რა მევალებაო?
„ეჰ! დავრჩენილიყავი სახლში, რა მინდოდა ამ დასაკრგავში? — ნაგვიანევად ინანა მან, — ვითომ სიცხეში ლოთაობას ავერიდე?…ჰმ, ლოთაობას არა წუწაობას!“
სინამდვილეში ხომ მშობლიურ კერასთან გაჩერება მხოლოდ იმიტომ არ ქნა რომ მელიტონმა და ტასომ არ შეარგეს ცხოვრება.
„ცოლი მოიყვანე, ბიჯო და ცოლი მოიყვანეოს“ — ეღინჭილებოდნენ მშობლები. ნამდვილი წამებაა. თანაც, რაც განსაკუთრებით აცინებდა იასეს, თუმცა კი სიმწრით, ყველა რამდენიმე თვეში ოჯახს შემოსამატებელი მდედრი თავიდან ირჩევოდა ხოლმე. აი ისე, ადამიანი რომ აბაზანის რემონტს ვერა და ვერ იწყებს — ხან ერთი მეტლახი მოსწონს და ხან მეორე.
მოულოდნელად იასეს სუნთქვა შეეკრა — ყინულოვანი სითხის ნაკადი ჩამოასკდა გახურებულ მუცელზე!
„ესღა მაკლდა!“ — კაცმა რომ თქვას, სულ სხვა მიზეზით გამოწვეული უხასიათობის ამოფრქვევა განიზრახა მან მყისვე. რაც შეიძლება ცივად, უდარდელი ატმოსფეროს არად ჩაგდებით მოვისმენ ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე ზრდილობიან ბოდიშსო.
იასემ თავი ასწია და გაბრაზებული მზერა თავდამსხმელს მიაბჯინა. იგი ცისფერ საცურაოში გამოწყობილი, მოკლედ შეკრეჭილი წაბლისფერი თმის პატრონი, ზურმუხტივით მწვანე თვალება და ტანწერწეტა ასული აღმოჩნდა. ერთ ხელში მას ამ დროისთვის უკვე ცარიელი ჭიქა ეკავა, მეორე გულზე მიეკრა შეცბუნებულს.
— ოჰ, მაპატიეთ, რა უყურადღებო ვარ, თქვენს ფოსტალს როგორ წამოვედე? ძალიან ვწუხვარ, — ღიმილით იწყო ბოდიშის მოხდა ქალიშვილმა.
ამ ღიმილის დამნახველ მამაკაცს ხელადვე ეჭვი მოეძალა — არ გამოიყურება მანდილოსნის მონანიება გულწრფელობის ნიმუშადო. თუმცა კი, ეს უნდობლობა ძალიან თავისებურად დააჩნდა პარისახეზე. მისი შემხედვარე ვერავინ იფიქრებდა რომ ეს კაცი სულ ახლახანს ძლივს ერეოდა უხასიათობას, ან საერთოდ, ცხოვრებაში ოდესმე ჰქონია ცუდი განწყობაო.
იასეს ბაგეები უკვე იმ სიფართეზე გაწელილიყვნენ, რამხელა თვით ბუნებასაც არ დაუწესებია მათთვის და იგი, იმის მაგიერ რომ განზრახვის თანახმად აბუზღუნებულიყო, თავად ალაპარაკდა ბოდიშებით:
— მე ვარ დამნაშავე, გავიშხლართე აქ და გასასვლელი მთლიანად გადავღობე. ჰოდა ისა… ჰეჰ, ამ სიცხეში ცივის წყლის გადავლებასაც რთულია უბედური შემთხვევა ეწოდოს.
— ჰო-ო, — არ შეედავა უცნობი ქალბატონი, — თქვენი აღნაგობის მამაკაცისთვის მართლაც არაა ძნელი რაიმეს გადაღობვა.
— გამოძიებამ საქმე ბოლომდე გაარკვია, — მყისვე, გადაჭრით დააჯამა იასემ და ფეხზე წამოდგა, — სასამართლოს განაჩენიც გარდაუვალია: ახლავე აგინაზღაურებთ ზარალს, თქვენ კი მანამდე აქ ჩამოჯექით, დამელოდეთ.
— რას ბრძანებთ, არ ღირს შეწუხებად … — დაიწყო უცნობმა ასულმა, მაგრამ იასემ ორივე ხელისგული მიაშვირა შეჩერების მანიშნებლად, თავად კი აუზის მოპირდაპირე მხარეს მოწყობილი სავაჭროსკენ გაემართა. კაცმა გონებით ჯერ ვერ მოასწრო ამის გააზრება, მაგრამ გრძნობებმა მიახვედრეს რომ ახლა წამის დაკარგვაც არ შეიძლება.
ხელებში სავსე ჭიქებით დაბრუნებულმა იასემ პირველად ის განაცხადა, ხომ უნდა ვიცოდე ვის ვაწვდი ამ სასმისსო? ამ სიტყვებით მან, შეზლონგზე ჩამომჯდარმა მოლოდინით შეხედა ქალს. ისიც ზრდილობიანად გაეცნო — ვეანა ფიდელტოგი ჰქვიებია, ნორვეგიიდან ჩამოსულა. იასემც წარადგინა თავი და რადგან საქართველოს ხსენებაზე ვეანას დაბნეულობა შეატყო, კოლხეთიდან ვარო ასე სცადა განმარტება. ამ სიტყვამ, მართალია, მეტი ნათელი მოჰფინა მანდილოსნის გონებას, მაგრამ ჩანდა რომ შუქი უფრო მითიურ ამბებიდან მოდის ვიდრე რეალური გეოგრაფიის დამსახურებაა. მოკლე პასუხით შემოფარგვლის დრო არ იყო და იასე უფრო განვრცობილად ალაპარაკდა, მათ შორის თავისი საქმიანობაც ახსენა.
— ოჰ, როგორი იშვიათი პროფესია გქონიათ! — გაოცდა ვეანა, — შეიძლება ითქვას, რჩეულთა რიცხვს მიეკუთვნებით! რამდენადაც ვიცი, თქვენნაირი სულ რაღაც ოცდაათ კაცამდეა მსოფლიოში.
— მაგდენი ერთბაშადაა თორემ იმ თითქმის ათი წლის განმავლობაში, რომლის დროსაც აპარატის შექმნა მიმდინარეობს, ეს ხელობა გაცილებით მეტმა აითვისა.
იასე თავის ქნევითაც დაემოწმა საკუთარ სიტყვებს, მან წვენიც მოსვა და განაგრძნო:
— ამიტომ, არც ისე იშვიათი ვარ. ახლა კი თქვენი ჯერია, იქნებ თქვენ მართლა განსაკუთრებული საქმით ხართ დაკავებული?
— იქნება კი არა დანამდვილებით ვიცი რომ უიშვიათეს პროფესიას ვფლობ. იურისტი ვარ. ჩემი კოლეგების რაოდენობა ამქვეყნად ჰა-ჰა, ერთი მილიარდი თუ მოიძებნა, — ჩაიკისკისა ვეანამ.
— პოპულარული პროფესია სულაც არაა უარესი, — მორიდებული ღიმილით გაეპასუხა მამაკაცი.
— ყოველთვის აქ ისვენებთ, დიდხანს გრძელდება თქვენი შვებულება? — იკითხა ვეანამ და ჭიქა მიიდო ბაგეებზე.
— არა, პირველად ვარ. ხანგრძლივობას რაც შეეხება, მედიცინა ამბობს, მიწაზე იმდენივე ხანს უნდა ვიყო, რამდენსაც იქ, ანუ ორი თვე. უქმეებს ჩვეულებრივ სახლში ვატარებ ხოლმე, მაგრამ ამ ჯერზე ვერ აღმოვჩნდი მშობლების… მ-მ, წნეხისთვის მზად, — მოულოდნელად, როგორც ხელადვე გუნებაში თავისი სიტყვები დაახასიათა, დააბრახუნა მან.
ქალმა ცნობისმოყვარე მზერა მიაპყრო.
— ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, „ცოლი მოიყვანეო“, ამ ორი სიტყვის გარდა დანარჩენთა წარმოთქმა ფიცით აუკრძალეს თავს, — კვლავინდებურად უცხო ადამიანთან მიუღებელი გულახდილობით უპასუხა მის უტყვ კითხვას იასემ, — ვითომ ოცდათორმეტის კი არა სამოცდათორმეტის ვიყო და უკვე წყალს მივქონდე, — ჩაიცინა მან და თავის მხრივ დაინტერესდა, — ხოლო თქვენ, ყოფილხართ აქ ადრე?
ქალმა ჯერ მოსმენილის გააზრება სცადა მაგრამ ასე უცებ რომ ვერ მოიფიქრა როგორი სიტყვებით მოპყრობოდა ამ უცნაურ ალალ-მართლობას, ვითომ ისეთი არაფერი გამიგონიაო, უბრალოდ კითხვას უპასუხა.
— არა. არ მქონდა საშუალება. დომინიკის რესპუბლიკა ძალიან შორსაა ჩემი სახლიდან, — გაიღიმა მან, — ცოტა ხანია რაც ერთი სპორტული კლუბის იურისტად ვმუშაობ, გუშინ ჩამოვედი, ერთი კვირით. რადგან ზუსტი, რიცხვებიანი ინფორმაცია მოვისმინე თქვენგან, მეც მოგბაძავთ და ვიტყვი რომ მშობლებთან ერთად ვცხოვრობ და ოცდაოთხის ვარ, — გაიღიმა ვეანამ.
მერე ბოლო წამს გახსენებულიც დაამატა:
— მყავს უფროსი და, იგი ადრე გათხოვდა და თავის ოჯახში ცხოვრობს.
— მშობლებთან ერთად ცხოვრებაში კოლეგები ვყოფილვართ, — ღიმილით წარმოთქვა იასემ.
ვეანამც ღიმილი შეაგება ამ სიტყვებს, თუმცა კი სუსტი. მაგრამ მერე, ეტყობა იასეს მოულოდნელი და უცნაური გულახდილობით შეგულიანებულმა, მოსინჯა და ბარემ მეტის გაგებას შეეცადა ამ ახალი და, თავს გამოუტყდა იგი, საინტერესო ნაცნობისგან.
— აი, თქვენ, იასე, ისე სხვათაშორის თქვით, ჩემნაირი პროფესიის ხალხი ბევრიაო, ვითომ სინამდვილეში მასე იყოს, — დაიწყო სახეზე ეშმაკურღიმილ მორგებულმა ქალმა, — ჰმ, მეუხერხულება ამის თქმა მაგრამ მგონი მთლად სერიოზულად არ აღმიქვამთ და ამიტომაც მითხარით ასეთი, ე-ე, უზუსტობა.
— რას გულისხმობთ? — გაუკვირდა იასეს, — განა ჩემნაირნი მართლა ცოტანი გგონივართ?
— ცოტანი არ მგონიხართ მაგრამ აი, ყველაზე ნაკლებნი კი ნამდვილად, — წარბშეუხრელად უპასუხა ახალგაზრდა ქალმა.
— ვითომ? — ისევ დაეჭვდა კაცი.
— თავად განსაჯეთ, — დარწმუნებით ალაპარაკდა ვეანა, — განა შეიძლება კოსმონავტს შეხვდე ქუჩაში? მით უმეტეს ქვეყანაში, სადაც ისინი ფიზიკურად არ არსებონენ? მაშინ როცა სხვა, ადამიანს რომ ცნობილად აქცევს ისეთი პროფესიის ხალხი: მსახიობი, სპორტსმენი, პოლიტიკოსი, მუსიკოსი, მწერალი… ესენი ხომ ყველა ერს ჰყავს თავისი და რიცხობრივად, ანუ მთელი დედამიწა რომ აიღო, თქვენი საქმიანობის ხალხთან შედარებით ხომ მართლაც უამრავნი არიან.
— ჰმ, — გულწრფელი გაკვირვებით ამოისუნთქა იასემ, — მართალი გითხრათ, ვეანა, არც დავფიქრებულვარ მაგაზე ოდესმე. საერთოდაც არ მომსვლია აზრად, დავუშვათ, ჩოგბურთელისთვის ან მომღერლისთვის შემედარებინა თავი… არ ვიცი, — ჩაიცინა მან, — გამოდის მართლა არც ისე ბევრნი ვყოფილვართ… მაგრამ მერე რა, რა გამომდინარეობს მაქედან? რისი თქმა გინდათ?
— რისი თქმა მინდა?… — დაფიქრდა ლამაზმანი, — ალბათ იმისი რომ მე წარმოდგენაც არ მქონდა ვინ ბრძანდებით, სხვამც არავინ იცის აქ, ყურადღებასაც არ გაქცევენ სხვაზე მეტს და განა ეს სწორია?
— ჰო, მართალი ხართ, ნამდვილად არავინ მაშტერდება აღფრთოვანებით, — ონავარი მწუხარებით დაეთანხმა მას იასე, — მაგრამ მე რა ვქნა, ჰკითხეთ აგერ ამ აურება ხალხს, რატომ არ დამდევენ კუდში, ავტოგრაფს არ მთხოვენ ან მათთან სურათის გადაღებას? ჰეჰ! მათ მაგიერ აბა მე რა გიპასუხოთ?
იასემ ოდნავი პაუზა აიღო, მერე ჭიქა თითქმის ნახევრამდე დაცალა ერთი მოსმით და განაგრძნო:
— სამაგიეროდ წარმოიდგინეთ, ახლა რომ აქ ცნობილი ფეხბურთელი ან როკ-ვარსკვლავი იყოს, განა შეძლებდა იგი ჩემსავით თავისუფლად შეზლონგზე ჯდომას და მშვენიერ ქალბატონთან საუბარს? ეს არ ჯობია სახელგანთქმულობას?
— მადლობთ თუ მასე ფიქრობთ, — ქათინაურს გამოეპასუხა ნასიამოვნები ვეანა, — მაგრამ ალბათ უფრო სხვა რამის გაგება მაინტერესებდა, — ეს თქვა თუ არა, ქალი ჩაფიქრდა.
სანამ ის დუმდა, იასე მისი კანის ხავერდოვანი სითეთრით, ოდნავ ამოწეული ღაწვებით, ქათქათა ლოყებითა და ვარდისფერი ბაგეების ყურებით ტკბებოდა. არც საცურაოს ზედაში ჩასმული ლამაზი მკერდი, ან უფრო ქვემოთ, ვიწრო წელი და თლილი, გრძელი ფეხები დაუტოვებია უყურადღებოდ მაგრამ მაინც ცდილობდა ამ მიმზიდველი ადგილებისთვის თვალი მოერიდებინა, უნახავ ტყიურივით დაჟინებული ჩაშტერება არ გამომივიდესო.
ქალს კი ამნაირი „სურათის გადასაღებად“ სულაც არ დასჭირვებია სიჩუმე ან საუბარში გაჩენილი შუალედი. მან პირველი წამიდანვე მოიწონა ამ მამაკაცის მოგრძო, ნებისყოფიანი სახე, ოდნავ კეხიანი ცხვირი, რელიეფური, თითქოს გრანიტისგან გამოკვეთილი, მაგრამ არა უხეში ნაკვთები, ერთმანეთს დაშორებული ჩამუქებული თვალები. ვარცხნილობამც თავისებურად მოხიბლა. შავი თმა იასეს მხოლოდ თხემზე დაეტოვებინა და ისიც მოკლედ შეკრეჭილი. ხოლო კეფასა და საფეთქლებზე სამი დღის გაუპარსავ წვერს მიუგავდა.
ამასობაში ქალი, როგორც იქნა, ალაპარაკდა:
— ფანტასტიკურ ფილმებში კოსმონავტები რომანტიკულად და გმირულად გამოიყურებიან მაგრამ ეს უფრო ბავშვებისთვის და მოზრდებისთვის, ხოლო მერე?
ახლა იასეს დაუდგა ჯერი, გაუგებრობის შემცველი გამოხედვა მიეპყრო თანამოსაუბრისთვის.
— მე, მაგალითად, იმ ასტრონავტის სახელიც კი არ ვიცი, ვინაც ბოლომ გაიარა მთვარის ზედაპირზე ამ საუკუნენახევრის წინ. — ახსნა თავისი კითხვა ვეანამ, — არადა იმ კაცს ხომ მუდამ სიკვდილი დასდევდა თან და ამ დროს იგი მთელი კაცობრიობის სახელით იმყოფებოდა იმ ციურ სხეულზე.
— ასოცდაცამეტი წლის წინ, — მექანიკურად, თითქმის დაუფიქრებლად ჩაერია მის ლაპარაკს იასე.
— რა თქვით? — თავიდან ვერ გაიგო ქალმა, თუმცა უმალვე მოვიდა აზრზე, — აი ხედავთ, არც ეგ მცოდნია, არადა რამოდენა ადამიანია სინამდვილეში, ანუ ასეთ, გაჭრი;ლად რომ ვთქვათ, გმირული საქმიანობას მისდევთ და ამავე დროს შესაბამისი დაფასება, ყოველ შემთხვევაში სახელი, ნამდვილად არ გაქვთ.
ვეანა შეჩერდა და ოდნავ დაძაბული მოლოდინით მიაჩერდა მამაკაცს, ძალიან ხომ არ შევტოპეო? — ეს აღებეჭდა სახეზე. იასემ თავის დაქნევით გაამხნევა იგი და ქალმაც განაგრძნო:
— ის მაინტერესებს, რამ გადაგაწყვეტინათ ასეთი პროფესიის არჩევა, როგორ ადგებიან მაგ გზას? რადგან საშუალება მომეცა, ხომ უნდა ვისარგებლო შემთხვევით და გავიგო, თუ, რა თქმა უნდა, თქვენ გაქვთ ამისი სურვილი და ჩემი კითხვები არ გაწუხებთ, — მოკრძალებით დაასრულა სათქმელი მანდილოსანმა.
იასემ ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა და თავი გააქნია უარის ნიშნად, რისი შეწუხებაო? მერე კითხვას დაუფიქრდა, ქვედა ტუჩი მოიკვნიტა და ერთ წერტილს გაუსწორა მზერა. მოინდომა რაც შეიძლება გულწრფელი პასუხი გაეცა. მიზეზი კი ის იყო რომ უცნაური შეგრძნება გაუჩნდა ტანში. რაღაც ძალიან იოლად და სხვანაირად იგრძნო ამ ქალთან თავი. უცებ შეიძინა ამ გოგომ დიდი წონა მის თვალში. სურდა რომ ეს, ჯერ სრულიად უცნობი ქალიშვილი მისით დაინტერესებულიყო, ეკითხა ამბავი, ჩასწვდენოდა სულში, გაეზიარებინა ოცნება… მოწყენილობა და ცუდი განწყობილება იასეს სრულიად შეუმჩნევლად გაუქრნენ და ერთფეროვნებაც კუდში მიჰყვა მათ. კაცს თავადაც მოუნდა რაც შეიძლება მალე შეეცნო ეს ქალი. ამიტომაც იგი, მართალია უდარდელი იერით, თუმცა კი გულში მთელი სერიოზულობით ალაპარაკდა:
— მაგას ალბათ ყველა ნატრულობს. მხედველობაში მაქვს, ნებისმიერი ადამიანი იქნებოდა ბედნიერი, დაბადებისთანავე მიეღო იმის ცნობა, რომელი საქმიანობით მიაღწევს ცხოვრებაში წარმატებას, რომელი აუხდენს ოცნებებს, — ღიმილით შეხედა მან ქალს, — ასე არაა?
ვეანამ ზედა ტუჩი მოიქცია კბილებში და თვალმოჭუტულმა გამოხედა გაგრძელების მოლოდინში.
— მაგ მხრივ ზოგს იღბალი ადგება იმ, — აქ იასემ ორივე ხელის თითებით ბრჭყალები განასახიერა, — ცნობად, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ნამდვილად მასე იყო.
— ანუ როგორ? — ვეანას გულწრფელი ინტერესი იასეს სასიამოვნოდ ელამუნებოდა გულზე.
— როგორ და, — კაცი ისევ ჩაფიქრდა, ოდნავ შეიჭმუხნა კიდეც და გამომცდელად ჩააკვირდა ქალიშვილს მომხიბვლელ სახეში, თითქოს რაღაცას იკვლევს, შემოწმება-გასინჯვა უნდაო.
პასუხად ვეანამ აქაური ოკეანეს ტალღებივით მწვანე თვალები ფართოდ გაუხილა და ყურადღებიანი მზერით შემოანათა. იასემაც შეარბილა მზერა, თავი დაიქნია და ისე, თითქოს ირგვლივ მყოფ მყვირალა ხალხს უცებ გამოურთეს ხმა და ისინი მარტოდ დარჩნენ სრულ სიჩუმეშიო, ალაპარაკდა:
— როგორ და, — გამეორა მან, — რაღაცნაირად ნაბიჯ-ნაბიჯ, ჯერ გაუაზრებლად, ინსტინქტურად, შემდეგ კი, ასე ვთქვათ, განათლების საფუძველზე… ანუ იმის მერე რაც გონება გამინათეს.
ქალმა წვენი მოსვა და ვერც კი შეამჩნია რომ ფორთოხლის ნაწური გაუმჭვირვალე ნარინჯისფერი სითხე საკმაოდ შემთბარიყო.
იასეს კი ბავშვობა გაახსენდა, ხანა როცა მის, ჯერ კიდევ ბუნდოვან ფიქრებში, კოსმოსისა და ვარსკვლავების შესახებ ოცნებამ იწყო ჩამოყალიბება.
მაშინ იგი მეშვიდე კლასში სწავლობდა და გაკვეთილებ მონამზდებზე უკვე ფეხბურთის სათამაშოდ აპირებდა ქუჩაში გასვლას, როცა ამ დროს ტელევიზორში უცნაურ განცხადებას შეესწრო. იგი სასმელებს ან წამლებს კი არ აქებდა ჩვეულებისამებრ, არამედ კოსმოდრომის თუ ვარსკვლავმფრენის ასაშენებლად ეპატიჟებოდა ხალხს. იასეს ამ დაწესებულების მხოლოდ სიმბოლო დაამახსოვრდა: გალაქტიკის ფონზე სამი მწვანე ლათინური ასონიშანი: “SPE”.
მოგვიანებით, ზაფხულში, იასე სამთიეში, ბებია-ბაბუას სოფელში გაუშვეს არდადეგებზე. იქ კი ისეთ ლაპარაკს დაესწრო, რომელმაც იმ უცნაური რეკლამის ნამდვილი შინაარსი გააგებინა. მათ შორის ისიც, რომ თურმე ეს „სპე“ ლათინური სიტყვების — Spatium Pro Evolution შემოკლებაა და ქართულად „განვითარების სივრცე“ — ს ნიშნავს. საერთოდაც, იმ საუბარმა, როგორც მომავალში გამოირკვა, გადამწყვეტად იმოქმედა მაშინ ჯერ კიდევ მოზარდის შემდგომ ცხოვრებაზე. ის მიეხმარა იასეს იმის გაგებაში, თუ რატომ უნელდება გულისცემა ვარსკვლავებიანი ცის დანახვისას.
ამის მიზეზი იქ ჩაკარგული შავი უფსკრული ყოფილა. როცა ღამეული ცისკენ თავაშვერილი იმ უკუნეთს აკვირდებოდა, იასე მასთან შერწყმის სურვილს თურმე იმიტომ გრძნობდა რომ თუმცა კი ბუნდოვნად, მაგრამ მაინც იაზრებდა — სხვანაირად ვერ ჩასწვდება სასწაულებს, რომლებიც იმ უკიდეგანო ხრამში იმალებიან.
ხოლო სასწაულები რომ იქ ნამდვილად არიან, იასეს ამაში ეჭვიც არ ეპარებოდა. მაგალითად, უსასრულობა. როგორ გამოიყურება იგი? რა საჭიროა სამყარო? ვინ მოჩანს მისი კიდიდან? ამ კითხვების პასუხი ხომ სადღაც იქ, კოსმოსის მიღმაა? ესე იგი მასაც იქეთ ჰქონია გზა. ასე გაიკვალა ბილიკი, რომელმაც იგი მიზნამდე მიიყვანა, თუმცა კი არცთუ მთლად იქ, სადაც მისვლას ბავშვობაში ოცნებობდა.
რა უცებ გაიარა ამ ხანმაო, ისე გაკვირვებით გაიაზრა იასემ, თითქოს დღემდე, ამ შეხვედრამდე, არასდროს შეეგრძნოს დროის დინება.

თავი 2
წლებმა სწრაფად გაირბინეს არა მარტო იასესთვის, არამედ იმათთვისაც, ვინაც პროექტ „განვითარების სივრცე“-ს ემსახურებოდა მთელს დედამიწაზე გაფანტულ ლაბორატორიებში, ქარხნებსა და სამეცნიერო ცენტრებში. ვინაც ნამიბის უდაბნოში კოსმოსურ ნავსაყუდელსა და თერმობირთვული საწვავის ფაბრიკას აშენებდა.
ეს უზარმაზარი დაწესებულება დაახლოებით ოცი წლის წინ ჩაისახა, როცა მსოფლიოს წამყვან მეცნიერთა ჯგუფმა ცივილიზაციური განვითარების ახალი გეგმა წარუდგინა საზოგადოებას. ამისთვის მათ დაწვრილებით აღწერეს თავისი ჩანაფიქრი, გადათარგმნეს ეს ტექსტი ყველა სახელმწიფო ენაზე და ქსელით გაავრცელეს.
პლანეტის მოსახლეობა, ასე თუ ისე, ცნობისმოყვარეობისა თუ ადგილობრივი აქტივისტების მეშვეობით, უნდა გასცნობოდა ამ შემოთავაზებას და მერე აზრი გამოეთქვა იმის თაობაზე — სურს თუ არა თავისი ქვეყნის მონაწილეობა ამ წამოწყებაში. მართალია, ამნაირი გამოკითხვა ვერავისთვის გახდებოდა კანონი, მაგრამ ეს არც მოეთხოვებოდა. მთავარია რომ მეცნიერებს საჭირო დროს უძლიერესი არგუმენტი — საერთაშორისო საზოგადოების აზრი ექნებოდათ ხელთ.
ეს დრო კი მაშინ დაუდგებოდათ, როცა ამა ქვეყნის ძლიერთა გადმობირებას დაიწყებდნენ. საქმე ის იყო რომ წინასწარი გათვლების თანახმად, ამ გიგანტურ საწარმოს იმდენი ფული დასჭირდებოდა, რამდენიც მხოლოდ იმ პირობით მოიკრიბება, თუ მდიდარი სახელმწიფოები აღარ მიეხმარებიან ღარიბებს. ანუ, მსოფლიო ბანკის ჯგუფი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი შეწყვეტენ ძველ საქმიანობას და ახალ წამოწყებას მოახმარენ მთელს თავიანთ შესაძლებლობებს.
ჰუმანიტარულ კატასტროფაში ბრალეულობის ასაცილებლად, მეცნიერებს არამარტო შესაძლო დონორებისგან უნდოდათ თანხმობა, არამედ ქრონიკულად გაჭირვებული ქვეყნების მცხოვრებთაგანაც.
ამ უკანასკნელთ დაესვათ კითხვა: არიან თუ არა ისინი მზად, პროგრესის ხათრით უარი თქვან გამუდმებულ მოწყალებაზე და გარდამავალ შუალედში, დაახლოებით ხუთ წელიწადში, ისწავლონ და შესძლონ თავის რჩენა? თუ ამ ქვეყნების მცხოვრებნი „არა“-ს იტყოდნენ, მაშინ ახალი პროექტი დაწყებას ვერ მოასწრებდა, ისე ჩაიფუშებოდა. მუდმივად დონორი ქვეყნებისთვის ხომ ისედაც არაფერი იცვლებოდა კენჭისყრის ნებისმიერ შედეგის მიუხედავად.
ამიტომ იყო, წარმოდგენილი გეგმის არა იმდენად მეცნიერულ-ტექნიკურ მხარე გაშუქდა, რამდენადაც მასთან დაკავშირებული იმედები. ღარიბებს ხომ მუდამ მომავლის იმედი აქვთ, აწმყოში ვერა და ვერ ერევიან ცხოვრებას.
ზუსტად ამის დაპირებას იძლეოდა მომავალი პროექტი. კერძოდ, მისი მესვეურნი აცხადებდნენ რომ ახალი ორგანიზაცია შექმნის არა უბრალოდ მრავალ სამუშაო ადგილს, არამედ მოიხმობს და კოსმოსთან, მოწინავე ტექნოლოგიებთან დააკავშირებს განუვითარებელი ქვეყნების ახალგაზრდობას. ეს უკანასკნელი კი მომავალში თავისსავე ერებს შეაწევს შეძენილ მაღალ კვალიფიკაციას და დაგროვილ სახსრებს. ანუ, ეს იგივე დახმარება იქნება ოღონდ სხვანაირი, გაცილებით უფრო სარგებლიანიო.
ხოლო როცა პროექტი საბოლოო შედეგს მიაღწევს, მაშინ ხომ საერთოდ არნახული წინსვლა, აყვავება და განვითარება გვექნება, როგორადაც ეს წინა მსგავსი შემთხვევისას მოხდა, რომელმაც საბოლოო ჯამში დედამიწის ყოველი მაცხოვრებელი ასარგებლაო. ზუსტად იმ წინა, ისტორიული მოვლენის შედეგი იყო ახალი წამოწყების დედააზრი და მომავალი, აუწერლად დიდი ხარჯების გამართლება.
გარდა ამისა დაისვა კითხვაც: აბა რად გვინდოდა ამდენი ხანი კოსმოსის კვლევა, აუარება თანხების ხარჯვა, ურიცხვი პლანეტის აღმოჩენა, რომელთაგან ზოგიერთი საერთოდაც დედამიწის ასლად გამოიყურება შორიდანო? საბოლოოდ, ეს კენჭისყრა მართლა შედგა მთელს მსოფლიოში და აჩვენა რომ გამოუკლებლივ ყველა სახელმწიფოში ხალხი ახალ წამოწყებას უჭერს მხარს.
მეცნიერთათვის, ვინაც წინასწარ მოიკვლიეს სოციოლოგიური და ფსიქოლოგიური განწყობები ამ საკითხის მიმართ, ეს შედეგი არ გამოდგა მოულოდნელი. მისი სამი შემადგენელიც თავიდანვე გააზრებული ჰქონდათ: აზრობრივი, გრძნობითი და ინსტინქტური.
წინა ხაზი ემოციურმა მიზეზებმა დაიკავეს: არავის უნდოდა გონებრივ მდაბიოდ წამოჩენილიყო, ვერ შემძლედ იმისაც კი, რომ მისი ქვეყნის ეკონომიკა აეწყო, ანუ, უბრალოდ რომ ითქვას, საკუთარი თავი ერჩინა. ერებს არ სურდათ კაცობრიობის ზურგზე მოკიდულ ძველ ხურჯინად გამოჩენილიყვნენ სხვათა თვალში. იმად, ვინაც განვითარების ახალი საზღვრებისკენ მსწრაფველ ცივილიზაციას ფეხებში ებლანდება. არავის აღმოაჩნდა სხვაზე ნაკლები თავმოყვარეობა. მით უმეტეს, არავინ ითხოვდა ამის მყისიერ დამტკიცებას.
მეორე ადგილზე უფრო მოშორებული არსი — ინსტინქტები გამწკრივდნენ. ქვეცნობიერება დაუზარებლად უჩიჩინებდა კაცობრიობას რომ უკვე ძალიან დიდი ხანია რაც მას ახალი ადგილები არ აღმოუჩენია და გამოუკვლევია. ჩარჩა აკვანში, საკუთარი ბავშვობის დროინდელი ეზოდან ვერა და ვერ გადადის გადაღმა.
ასევე იმასაც, რომ სულ უფრო მკაფიოდ იკვეთებიან მომავალი საფრთხეები. მაგალითად ის, რომ მოსახლეობის ეს უზარმაზარი რაოდენობა თავადაა უბედურების საწინდარიც და ნიადაგიც. რომ საიდუმლო ლაბორატორიიდან გაჟონილი ვირუსი არის მითი და სინამდვილეში ეპიდემიები ზუსტადაც ამ ურიცხვმა მოსახლეობამ განაპირობა. უწინ, ისტორიამდელ ხანაში, ნებისმიერი ავადმყოფობა ერთი, განმხოლოებული ტომისა თუ ტერიტოორიის ფარგლებში ჩნდებოდა და იქვე ისპობოდა იმ ჯგუფის წევრებთან ერთად. არ ჰქონდა გავრცელებისა და განვითარების ასპარეზი.
ახლა კი, როცა ამხელა ველი აქვს სანავარდოდ-ადამიანი მილიარდობითაა, ვირუსს და ბაცილას გავრცელებისაც უამრავი შესაძლებლობა გაუჩნდა და ევოლუციისაც. მეტად ვითარდებიან, იხვეწებიან და სულ უფრო ძნელად აღმოსაკვეთნი არიან. შედეგად, რაც დრო გადის, მით უფრო ხშირად წარმოიშვებიან ახალი, უცნაურ სახელიანი გლობალური ეპიდემიები, რომელთა მსხვერპლი სულ უფრო ბევრი ხალხია. ამ მოვლენის ლოგიკა კი აჩვენებს- როცა ეს პროცესი რაღაც ზღვარს გადაცილდება, არაა გამორიცხული, კაცობრიობისთვის საბედისწერო მიკროორგანიზმიც გაჩნდეს. იქნებ ზუსტად ეს იწვევს დრო და დრო გადაშენებებს?
საღი აზრი ანუ ლოგიკური მსჯელობა, როგორც ყოველთვის, ბოლოსკენ გადაჩოჩდა და გამოცდილების გააზრებას დაეყრდნო.
— რაში გვარგია ეს უცხოური დახმარება, — მსჯელობდა ღატაკი ხალხი, — ჩვენამდე იგი მაინც არასდროს აღწევს, სადღაც ზემოთ ილექებაო.
სწორედ ამ მოსაზრებათა გაერთიანებულმა ქორომ დაარწმუნა ადამიანები: დროა მეცნიერებამც და ტექნოლოგიებმაც ერთი ადგილის ტკეპნას დაანებონ თავი, შემდეგი ნაბიჯი გადადგან. ისეთი, რომელიც მზარდ საფრთხეებს და მომავალ შეჭირვებებს დააძლევინებს კაცობრიობას.
შემდეგ დაიბადა პროექტი „განვითარების სივრცე“, რომელმაც ვარსკვლავეთისკენ გამგზავრება ითავა. კერძოდ, მან განიზრახა ექვსი ხომალდის აღჭურვა და გაშვება ერიდანუსის, კირჩხიბის, ანდრომედას, მენახირეს, ჩრდილოეთ გვირგვინისა და გედის თანავარსკვლავედებში. სივრცის ამ უბნებში, წინასწარი მონაცემებით, მზის ტყუპისცალი მნათობები არიან, რომელთა ირგვლივ დედამიწასავით კომფორტული პლანეტები ტრიალებენ.
ექსპედიციებს რიგრიგობით გააგზავნიდნენ და ყოველი მათგანის მომზადებას ათი წელი დასჭირდებოდა. პირველი რაკეტა თითქმის ორ საუკუნეს იფრენდა თავის მიზნადე, ბოლო კი, ანუ მეექვსე — სამას ოც წელს. რადგანაც ადამიანი ამდენს არ ცოცხლობს, მისი გამგზავრება არც იგეგმებოდა ამ აპარატებით, ისევე როგორც სხვა რომელიმე სულიერისა.
თავიდან, გეგმის თანახმად, პროექტი შედარებით ნაკლებ ფულს ითვისებდა, ამიტომ გაჭირვებული ქვეყნები თითქმის ვერ გრძნობდნენ დახმარებათა ნაკადის დაშრობას. მაგრამ პირველი ხომალდის სტარტამდე ერთი წლით ადრე ხარჯებმა მწვერვალს მიაღწიეს და ვინაც აქამდე ვერ დაეწია დროს, იმ ერთა დახმარება საბოლოოდ შეწყდა.

Добавить комментарий