ქით ლომერი. დონოქრომის სერიიდან

საბრძოლო ერთეული
არ მომწონს აქაურობა, ხაფანგივით გამოიყურება მაგრამ ბრძანება ბრძანებაა. შევედი და სარქველიც მოიხუფა ჩემს უკან.
ვამოწმებ შემოგარენს. ვიმყოფები საკანში რომლის სიგრძეა 40,81 მეტრი, სიგანე 10,35, სიმაღლე 4,12 მეტრი. არსადაა სარკმელი გარდა იმისა საიდანაც შემოვედი. იატაკი და კედლები ხუთ სანტიმეტრიანი კაჟ-ფოლადის ჯავშანია რომელსაც უკნიდან ათ სანტიმეტრიანი ტყვიის ფენა აკრავს! საკვირველია, უმძლავრესი საბრძოლო აპარატი საქონელივით შემომდენეს აქ — ხელსაწყოებით და მოწყობილობებით გატენილ სათავსოში. ენერგია მოყვანილია ფარების უკან განლაგებული ძალუმი, მორისმაგვარი სადენებით. დაუმუხტავობის გამო მოდუნებული ვარ, სათავსოს ამ ზედაპირულ შემოწმებაზე 0,8 წამი დამეხარჯა.
ვამჩნევ მოძრაობას: მძიმე, სახსრებიანი მექანიკური ხელი, რომელიც ჩემს ზემოთ ყოფილა დამონტაჟებული, იშლება და ჩემსკენ ბრუნდება. ვვარაუდობ რომ შემომიტევს და ვწყვეტ მდგომარეობა დავაზუსტო. გართულებები მაქვს ყურადღების მოკრეფაში…
გარეგანი აღქმის წრედებში მგრძნობიარობა შევამცირე, სახსრები შევამზადე და შინაგან მიმოხილვზე გადავერთე, სადაც ყველაფერი დაბურული და ჩაბნელებული დამხვდა. მგონი მახსოვს როცა აქაურობა უხილავი ფერების ნათელი ზოლებით აკიფებულ დიდ მღვიმეს ჰგავდა…
ახლა სხვანაირადაა, ფრთხილად მივიწევ წყვდიადში, ვგრძნობ უსიცოცხლო წრედებს, საკვლევ იმპულსებს ვაგზავნი მანამ, სანამ ჩემს გადამცემ მოწყობილობასთან კონტაქტს არ ვგრძნობ. იგი არ ჩამირთავს იმის მერე… ვერ ვიგონებ. ჩემი მეხსიერების საცავები ჩაშავებულნი და უმოქმედონი არიან.
-მეთაურო ერთეულო, — გადავცემ მე, — მეთაურო ერთეულო, მდგომარების დასადგენად გთხოვთ ტექნიკური მომსახურების ნებართვას, მინდა ავამუშავო მებრძოლის ვირტუალური შემმოწმებელი.
ველოდები მზადყოფნაში. არ მომწონს ასე ბრმად ცდა რადგან მის დროს ჩემი შენელებული ქმედება-უკუქმედება წამის მეოთხედზე არანაკლებს წაიღებს. ნეტავ თანამებრძოლები მაინც მედგნენ გვერდით.
ცოტაც მოვიცადე და უნებართვოდ ავამოქმედე ვირტუალური შემმოწმებელი თან ვაგრძელებ გმოძახებას:
-ეს ადგილი მძიმე ფარებითაა დაცული, მასში განლაგებულ მანქანებს თვადასხმის უნარი აქვთ. ვერ ვხედავ გამოსაღწევ გზას. რჩევა მჭირდება.
ვიცდი და ვიმეორებ გადაცემას; არაფერია. მოკვეთილი ვარ მეთაური ერთეულისგან, ჩემს ამხანაგ — დინოქრომთა რაზმის წევრთაგან. დაძაბულობა მატულობს.
სადღაც სიღრმეში ვგრძნობ წკაპუნს! მცირე მაგრამ გამამხნევებელმა ენერგიის ტალღამ მღვიმის წყვდიადი მქრქალად შეანათა, ჩემს მივიწყებულ წრედებს მიმკვდარი სიცოცხლე შთაბერა. ავარიული აკუმულატორი ჩართულა ავტომატურად.
ვიაზრებ რომ ხელსაწყოთა მძიმე დაზიანებები მაქვს. მათ მიკვლევას და შეძლებისდაგვარად აღმოფხვრას უნდა დავუთმო რამდენიმე წამი. არ მესმის რა კატასტროფას უნდა გამოეწვია ასეთი ნგრევა ჩემში. ვერ ვიხსენებ…
გავყევი მკვდარ უჯრედებს, ვსინჯავ, ვირჩევ…
„ — გამოდი! წამოიღე 0.09’ წმ უნდა გასძლო, 0.8 მილიწამი აფეთქება, ქვემეხი ჩაახშე…“
„ … მზე მიბრმავებს მხედველობას; მე-7 დონის ფილტრი. კარგია…“
„ … 478.09, 478.31, მიზანი!…“
უჯრედები დაუზიანებელია, ყოველი მათგანი შეიცავს გრძობით შთაბეჭდილებათა ნაწყვეტის ჩანაწერს. ხათაბალა უფრო ქვემოთაა. ვცდილობ მთავარი რეფლექსი ავამოქმედო.
„ … ძირითადი საბრძოლო წრედი, გათიშ_“
რაღაცას წავაწყდი — ბრძანებაა რეფლექსთა დონეზე! ვბრუნდები, კვალს ვადგები, ვცხრილავ მახსოვრობის უჯრედებს არეულდარეულად, ვეძებ რაიმე მინიშნებას.
„_ვედით. ერთეულებს საავარიო მზადყოფნა…“
„ პასუხი ერთი-ნული-სამი, შედეგი უარყოფითი…“
„ შესამწომებელი სია გავიარე, პატაკი უარყოფითია…“
ვაგრძელებ ზიანის ძებნას. მივადექი გაუქმებულ ჩამრთველს იმ უბანში რომელსაც ჩემი თვიმომსახურება ევალება. იგი ვერაფერსაც აამოქმედებდა რადაგან მექანიკურადაა გაწყვეტილი. სასწრაფოდ უნდა შევადუღო. სიმძლავრე მაკლია და ამიტომ აზროვნების არე თითქმის სრულ სიბნელეშია. ჩამრთველი აღვადგინე და ელექტრონებიც წამოდინდნენ. აზროვნების არე გაცოცხლდა, ხაზები, წერტილები, ცრუნათება, გამოჩნდნენ. ჩემი სიმძლავრის სრულ, დიად ნათებასთან ვერ მივა, მაგრამ ესეც მშველის რადგან აზრზე მოვყავარ.
გადავხედე რას იქმს მექნიკური ხელი. ნელია, უწონასწორო, აშკარად დაპროგრამებული, თავისი გონება არა აქვს. მოვაშორე უშუალო ყურადღება, კიდევ რამდენიმე წამი მაქვს სანამ ის შემტევ მდგომარეობას დაიკავებს და ამასობაში ბევრი რამ უნდა ვქნა თუ მზადყოფნა მინდა. მივუშვი გამოსაკვლევი იმპულსები მეხსიერების ჩაშვებულ საცავებს. სტატისტიკურად დადგინდა რომ 98,92% მათგანი საღია, უბრალოდ გამორთული.
სახიფათო ხელი ნელა მოირხევა ზემოდან; დავაჯამე მისი მოძრაობა, ვხედავ რომ მუხლუხების დაზიანებას მიპირებს. შევისწავლე იგი და მხოლოდ უბრალო ჰიდრავლიკური ტარანი ვუნახე. ასეთი პრიმიტიული მოწყობილობა მართლა გამოუშვიათ მარკ XXXI, თუნდაც მეხსიერების გარეშე დარჩენილი, საბრძოლო ერთეულის წინააღმდეგ.
ამასობაში ვაგრძელებ სრულ შემოწმებას. კიდევაა რაღაც — ამოქმედებულია გამთიშველი, რომელიც მხოლოდ რემონტის დროს გამოიყენება. დავფიქრდი იმ უჯრედის შიგათავსზე წეღან რომ მოვუსმინე და ანაზდეულად მასში მყოფი შეტყობინების აზრმა იფეთქა ჩემს გონებაში. „მთავარი საბრძოლო წრედი გათიშულია…“. მაშინდელი, უფრო სუსტი ცნობიერებისას ვერ გავიგე ამ ცნობის შინაარსი. მყისვე გავაუქმე გამთიშველი. გამოდის, ბრძოლაში ჩავბმულვარ და საბრძოლო რეფლექსების წრედი გამორთული მქონია!
ხელი როგორც იქნა მომადგა, იოლად გავეცალე. გაუგებარი ხრიგინი ახლავს ჩემს მოძრაობას. ხელი სულელურად გაშეშდა სიცარიელეზე დამიზნებული, მერე ისევ მომიბრუნდა. მისი რეაქციის სისწრაფე სიბრალულს მაგრძნობინებს. ჩავრთე უწესრიგო გამორიდებათა რეჟიმი და თვითგამოკვლევას მივუბრუნდი. კიდევ ერთ ბნელ არეს წავაწყდი. დავაკვირდი და უცნაური გაურკვევლობა ვიგრძენი. პირველად ვერ დავადგინე მასში შემავალ კომპონენტთა რაობა, მაგრამ მერე მივხვდი რომ ზუსტად აქაა ხელმძღვანელობასთან კავშირი გაწყვეტილი. გავთიშე ამ გაფუჭებულ არესთნ შეერთება და მეთაურთან დაკავშირების იმედს გამოვეთხოვე.
ამჟამად ვითარება გამოიყურება ასე: დავკარგე მეხსიერების მთავარი საცავი, კავშირი მეთაურთან, ენერგიის მარაგი შეზღუდული მაქვს და მეტს ვერაფერს მოვუმატებ ჩემს თავს, მაგრამ მაინც, ჯერ ისევ დინოქრომთა რაზმის საბრძოლო ერთეული ვარ. ხელუხლებლად მაქვს შენარჩუნებული შემტევი უნარი და აღქმის საშუალებები. მზად ვარ შეტაკებისთვის.
ახლა კიდევ ერთი მექნიკური ხელი ჩაერთო საქმეში, ჩემს მანევრებს იმეორებს, დამსდევს. ამასაც გამოვეცალე და ისევ ჭრიალი გავიგონე საკუთარი მოძრაობისას. დავფიქრდი ბრძანებაზე, რომელმაც აქ მომიყვანა. მასთან რაღაც უცნაურობაა დაკავშირებული. ავამოქმედე მიმდინარე პროცესთა მეხსიერების განყოფილება, მოვძებნე უჯრედი სადაც ჩაწერილი უნდა იყოს მომენტი, რომელიც ამ ლითონის კედლებიან საკანში შემოსვლას უძღოდა.
იქაური სიბნელის, გურკვევლობის და განურჩევლობის გამოცოცხლება ერთმა ვიწროდიაპაზონიანმა სხივმა შესძლო. წავაწყდი მიყრუებული ხმით გაცემულ ბრძანებას, გაცემულს ცენტრიდან. მაგრამ სინამდვილეში იგი მომდინარეობს იმ სექტორიდან, წეღან რომ გავთიშე და არა სამეთაურო ცენტრიდან — ესე იგი უკანონო ბრძანებაა. მტრებმა მომატყუეს. გადავინაცვლე უფრო ადრეულ მომენტზე მაგრამ იქ არაფერია. ისე გამოიყურება თითქოს ჩემი არსებობა ამ ბრძანების მიღებისას დაიწყო. ვინაცვლებ უფრო და უფრო ადერეულ უბნებზე და თან შიგა და შიგ ვიკვლევ მათ. ვნახულობ მხოლოდ ზოგად აღქმათა შთაბეჭდილებებს. ის იყო თავის დანებებას ვაპირებდი როცა წავაწყდი გამოსახულებათა თანმიმდევრობას, რომელმაც ჩემი ყურადღება დაიპყრო.
ვდგავარ ბაქანზე ჩემს ამხანაგ ერთეულებთან ერთად. თავსხმა წვიმაა და ვხედავ რომ წყალი ნიაღვარად ჩამოედინება ჩემს გვერდით მდგარი ერთეულის დაჟანგულ გვერდზე. ძალიან ესაჭიროება რემონტი. ვამჩნევ რომ ანტენები მოცლილი აქვს ხოლო მათ ადგილას, კორპუსზე დაჟანგული ლითონის საგანია მიდუღებული უხეშად. განაგაშის ჩანაწერი ვერ აღმოვაჩინე, თითქოს იგი ჩვეულებრივ მდგომრეობაშიაო. ვამუშავებ ძრავს და ვიძვრი ადგილიდან. ვიგრძენი რომ დანარჩენებიც მომყვნენ სიჩუმეში. ყველანი დასახიჩრებულნი არიან… უბედურება დასტყდომიათ მძლავრ დინოქრომებს!
რაზმი განადგურდა. ერთობლივობა დასრულდა. ნეტავ რა მოხდა?
* * *
უცაბედად რადიო სიხშირეზე რაღაცამ გაიჟღერა. სწრაფად შევეწყვე ამ სიგნალს და მისი წყაროს ადგილსამყოფელი დავაზუსტე: მაღლა, კაჟიანი-ფოლადის კედელში არსებული სიცარიელე.
-საბრძოლო ერთეულო! ნუ მოძრაობ! — ორგანული წარმოშობის ხმაა, მაგრამ არა ჩემი მეთაურისა.
ყურიც არ ვათხოვე ყალბ ბრძანებას. მტერი ვეღარ მომატყუებს. შევიგრძენი სადენთა განლაგება, შენადნობი, რომლისგანაც ისინი დამზადებულია, გავამზადე სხივი, დავაფოკუსე და გავაყოლე ამ კაბელს. როგორც კი სითბომ მიკროფონთან მყოფ არსებას მიაღწია, მყისვე მისი ბღავილი გავიგონე და ერთ წამს ტრიუმფიც ვიზეიმე.
ხელადვე სათავსოში მყოფ კიდევ ერთ სულელურ მანქანაზე მომიწია ყურადღების გადატანა. ოთახის ცენრისკენ დაგებულ ლიანდაგებზე შემდგარი, იგი ანაზდეულად ამოძრავდა და ჩემსკენ გამოემართა. დავაკვირდი და ვნახე რომ ეს აპარატი გვირგვინდება სწრაფმჭრელი ცელით აღჭურვილი კოშკურათი. განვიხილე მისი აფეთქების შესაძლებლობა დიდი ენერგიის მქონე ნაწილაკების კონით, მაგრამ ხელადვე გამოვთვალე რომ ასე არ ივარგებს, მცელავ მანქანასთან ერთად საკუთარ თავსაც გამოვრთავ, რადგან უენერგიოდ დავრჩები.
უკან მას გველივით დაგრაგნილი კაბელი მოჰყვება. გამოვერიდე აპარატს და ამავდროულად ამ სადენის შედგენილობაც გამოვიკვლიე. სხვა არაფერია, თუ არა დაწნული მავთული. მოუთმენლად ვტყორცნე მკვრივი სხივი და იგი მყისვე ავარვარდა ჯერ ყვითლად, მერე თეთრად, იისფრად და ბოლოს წვეთების შხაპად მიმოიფანტა. უჭკუო საქციელია, არ მაქვს გასანიავებელი ენერგია.
ისევ გადავინაცვლე და გამოვეცალე მექანიკურ ხელებს, კვლავინდებურად შტერული მანევრებით რომ ცდილობდნენ ჩემს მოხელთებას, გავხედე რას იქმს მცელავი მოწყობილობა. იგი ზუსტად ჩემს პირდაპირ გაშეშებულა და ცელის მობრუნებაც მოუსწრია ჩემსკენ. ვიცდი.
ამჯერად ზემოდან, ლიანდაგზე მოძრავი მძიმე, კაჟ-ფოლადისგან ნაკეთებ ბრჭყალებით აწყობილი მარწუხი ჩამოეშვა. ასეთები ნანახი მაქვს, ცოტა უფრო პატარები, საგანგებო დანიშნულების საბრძოლო ერთეულებზე დადგმულნი. ძალიან სასარგებლონი არიან ანტენების მოსაკვეთად, მუხლუხების ჩასაჭრელად და მსგავსი რამეებისთვის. არ მიცდია მარწუხის მოკვეთა, ვიცი რომ ენერგიის ხარჯი დიდი იქნება. ამის ნაცვლად მაღალი სიხშირის ბგერითი სხივი მივუშვი მექნიკურ სახსრებზე. ისინი უცებ აელვარდნენ. ლითონს გაფართოების მაღალი კოეფიციენტი აქვს, ამიტომ მანქანის ბურთულა სახსარი კრიჭინით გაიჭედა. ცოტა კიდევ მივუშვი სითბო და საერთოდაც მივადუღე ბუდეს. ამავდროს აღვნიშნე რომ უკვე 28,4 წამი გასულა მას შემდეგ რაც ოთახის ალაყაფი მოიხურა ჩემს უკან. ჩემი უნარების შეზღუდულობა სულ უფრო მაბეზრებს თავს.
მარწუხი შეინძრა და მოუხეშავად მანევრირებს გაჭედილი სახსრით. მაღალი წნევით გამოტყორცნილი თხევადი ჰაერის გუნდა საკმარისი უნდა იყოს მისი სამუდამოდ მწყობრიდან გამოსაყვანად.
ნაცვლად ამისა მოულოდნელობისაგან შეკრთომა მომიწია რადგან ჩემს ცდას აფეთქება არ მოჰყვა. ხელადვე შევიგრძენი უმოქმედო ხელსაწყო, უხეშად ჩამოჭრილ წახნაგები, უგულისყურო შენადუღებები. ძალიან სერიოზულად ვყოფილვარ დაზიანებული მაგრამ ვერ ვიგონებ რა ვითარებაში. ნაჩქარევად გამოვიშვირე სკანერი და ვიკვლევ საკუთარ კორპუსს. ნანახმა დაბლადაცემულივით მომაქცია.
ჩემი კორპუსი, ჩემი საამაყო, ქრომ-დურალუმინის შენადნობით ნაკეთები კორპუსი დახვრეტილია, დაფარულია შავი, დატკლეცილი ანტიკოროზიის ფენით და ეს შეუღწევადი ნივთიერება ჟანგის ბუშტულებს დაუჩვრიტავთ! ჩემი მთავარი საცეცხლე წერტის ადგილას ახლა ცარიელი შავი ღრმულია. ჟანგის შტოებს დაუღარავთ საბრძოლო კოშკურას ერთ დროს გლუვი გარშემოწერილობა. ისინი ჩამოღვენთილან დაუჭიმავი მუხლუხებისკენაც, რომელთა შიშველი ფილები ახლა დაუცველნი არიან. აღარ მაკვირვებს ის ხრიგინი, ყველა ჩემს მოძრაობას რომ ახლავს.
მაინც არ ვიდგები ასე გაშეშებული როცა თავს მესხმიან. აღარ მაქვს ჩემი დიდებული იონური იარაღი, ატომებად დამშლელი ზარბაზანი, ენერგო ეკრანები, მაგრამ დამრჩა მებრძოლის ინსტინქტი.
საბრძოლო ერთეული მარკ XXXI საუკეთესო საომარი მანქანაა იმათ შორის, რომელთაც გალაქტიკურ ომებში უხსოვარი დროიდან მოყოლებული უბრძოლიათ. არ ვარ იოლი შესაჩერებელი, თუმცა კი მსურს ჩემი მეთურის ხმა მესმოდეს…
აპარატი ჩემსკენ გამოცურდა, სადაც მისმა სატაცმა ამჯერად დაუბრკოლებრივ ჩამბღუჯა. გადავრთე ჩემი ენერგიის შემწოვი მის აკუმლატორზე, მეკავა სანამ მისი სადენები არ ჩამოიღვენთნენ და მერე მკვეთრად ავუშვი. მანქანა შეტოკდა და გათიშული შედგა. ამის მერე ყურადღება სატაცზე გადავრთე.
მე შემქმნეს უძლიერეს საბრძოლო მოწყობილობებთან საბრძოლველად და მათ გასანადგურებლად, მაგრამ მე რეალისტი ვარ. ჩემს ახლანდელ დასუსტებულ მდგომარეობაში ასეთი ხელსაწყოც კი ხიფათს წარმოადგენს ჩემთვის და როგორმე უნდა გავართვა თავი. წამოვიწყე სკუთარი მოძრაობისუნარიანობის საკვლევ იმპულსთა თანმიმდევრობა, ვამოწმებ უვნებელ ფიზიკურ სენსორთა პასუხებს. გავაგზავნე 30000 სასინჯი იმპულსი, აღვნიშნე და აღვრიცხე ჩემი მექნიკური რესურსები. ამ ზერელე შემოწმებამ ერთ წამზე მეტი მოითხოვა რის განმავლობაშიც უტვინო სატაცი ყოყმანობდა, ანიავებდა თავის უპირატესობას.
ჩემი დასაკეცი მოწყობილობების საცავში მხოლოდ მოუხეშავი მარწუხები, დასალეწი იარაღები და საჭრისები აღმოვაჩინე. ისინიც საბრძოლო პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე. მაგრამ რა გზა მაქვს, რაცაა ის უნდა გამოვიყენო. გავამზადე ორი პატარა მარწუხი, ჩავიჭირე ხელი რომელსაც ჩაბღუჯული ვყავარ და ბერკეტივით მოვწიე. მოწინააღმდეგემ ზანტად მიპასუხა, გაიწია და მეც წამიყოლა, უხეში ძალა არ აკლია. მაშინ ვსტაცე მაჯის სახსრის აქეთ-იქეთ და უკან გადავღუნე. უსასრულო 0,3 წამის შემდეგ მან ხელის გამოგლეჯა სცადა. ამას, რა თქმა უნდა, ველოდი და მკვეთრად შევიცვალე მდგომარეობა ისე რომ მისი სახსარი ჩემს გამოშვერილ საჭრისს შეტკლეცოდა. მერე გამოვუშვი სითბოს გუნდა და გამოვჭრიალდი უკან. მოკვეთილი სატაცი კი უძრავ მანქანაზე მიდუღებული დავტოვე. გულადი მოწინააღმდეგე იყო მაგრამ მოუქნელი. გადავინაცვლე კედელისკენ.
მიმდინარე ქმედებების საცავში დაგროვილ მწირ მონაცემთა საფუძველზე ვცდილობ კიდევ უფრო დავაზუსტო საკუთარი მდგომარეობა. ცოტა რამ თუ წამადგება. ჩემი კორპუსის იერი ცხადჰყოფს რომ დიდმა დრომ განვლო მას შემდეგ რაც მე იგი უკანასკნელად შევამოწმე. პიროვნული ცნობიერება შეიცავს ჩემს გარეგან იერს როგორც უზადო მანქანისა, რომელსაც მხოლოდ საპატიო და რუდუნებით მოვლილი ნაიარევები ამჩნევია. აგრეთვე ჩემი მებრძოლური ღირსება — ოქროსა და ემალირებულ ჯილდოთა მწკრივი, მიდუღებული ჩემს საბრძოლო კოშკურაზე. უეცრად გავიაზრე რომ საიდუმლოს გასაღები აქაა. დავაკვირდი ჩემი პიროვნულობის ცენტრს, უჯრედს, რომელშიც ფუძე გაგებათა საცავია, რის გარშეც მე ვერ ვიქნები განუმეორებელი არსება. მასში მარტივი მონაცემებია, დაუმუშავებელი, მაგრამ საბრძოლო პატივი ზუსტად აქაა ჩაწერილი. შეგრძნების იმპულსებს გავუღე იგი.
ცნობიერება. ცვალებადი ფორმები. რხევები სხვადასხვა სიხშირეზე, ესაა სინათლე, ეს ბგერა… „ფერთა“ ჩამონათვალი, „ტონების“ სპექტრი, რბილი/მაგარი, დიდი/პატარა, იქ/აქ…
… მეთაურის ხმა. ერთგულება. დაქვემდებარება. ამხანაგობა…
სწრაფად აღვიქვი თვითშეცნების დასაკვალიანებელი მთავარი დებულებები.
… ძლიერი ვარ, ამაყი, შემძლე, მაქვს დანიშნულება რომელსაც სათანადოდ ვახორციელებ, არაფერს ვუწუნებ საკუთარ არსებობას. ჩემი წრედები გაწონასწორებულია, ენერგია ჩქეფს მოლოდინით…
… არ მაქვს სიკვდილის შიში, მაგრამ ჩემი დანიშნულების აღსრულება უნდა განვაგრძნო, ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ მივცე საკუთარი თავის განადგურების უფლება…
ვაგრძელებ გამოკვლევას, ვეძებ წარსულის საცავს. აი ისიც…
დათხრილ ველზე, მწკრივში ვარ ჩემს თანამებრძოლებთან ერთად. ბრძანების მიღებისთანავე ჩავრთე ჩემი რაზმის საბრძოლო ჰიმნი. ვდგავართ, ვგრძნობთ მუსიკის ფორმასა და შედგენილობას როგორადაც ის ჩაწერილია ჩვენი მორალის ცენტრებში. მასთან დაკავშირებულია სიმბოლო — „ადათის ცეცხლის ცეკვა“, აბსტრაქცია რომელიც ჩვენი უძველესი რაზმის სულს განასახიერებს. იგი გვახსენებს გამარჯვებების მარტოსულობას, გამოწვევის უაზრობას მძლავრი მტრის გარეშე. იგი გვეუბნება რომ ჩვენ ვართ დინოქრომები — უძველესნი და ღირსეულნი.
მეთაური წინ მიდგას, იგი ჯილდოს ადებს ჩემს საბრძოლო კოშკურას და ბრძანებისთანავე ვიდუღებ მას ადგილზე. შემდეგ მეთაური გადმოეწყო ჩემს სიხშირეზე და მე ვაცოცხლებ იმ ეპიზოდს…
ჩავუარე ჩემი ამხანაგის ჩაშავებულ კორპუსს, გავუგზავნე ურთიერთცნობის სიგნალი და მხოლოდ სუსტი ციმციმი ვიგრძენი პასუხად. თავის გადასარჩენად პიროვნულობის ცენტრში განმარტოვებულა. გავამხნევე და გზა გავაგრძელე. იგი ჩემის მიერ ნანახი მეოთხე მსხვერპლია.
დინოქრომნი მანამდე არასდროს გადაჰყრიან ასეთ ძალას. გამოთვლამ მაჩვენა რომ თუ მტრის ცეცხლს არ შევასუსტებთ, ჩვენი შეტევა ჩაიშლება. შევნიშნე მოახლოვებადი რაკეტა. დავადგინე მის ტრაექტორია, ჩვენთვის ზიანის მოუყენებლად ავაფეთქე 2704,9 მეტრ სიმაღლეზე. იგი გამოფრინდა წერტილიდან რომელიც ჩვენს შორის ყველაზე ახლოს ჩემთანაა. მოვითხოვე ნებართვა შევწყვიტო მიმდინარე დავალება და გავაუვნებელყო ის წერტი. ნებრთვა მომეცა. მივბრუნდი და შევუდექი დამსხვრეულ ქვებიან აღმართს. გადავეყარე მაღალ ტემპერატურულ სხივებს, გავთიშე ისინი. ავირეკლე მცელავი ყუმბარმტყორცნის ცეცხლი, თუმცა შემოტევა გაორმაგდა. სარეზერვო წრედი ჩავრთე რომ არეკვლებს თავი გავრთვა, მაგრამ ჩემი თავდაცვის უნარი უკვე ზღვარზეა. უნდა გავერიდო მტრის ცეცხლს.
გადავერთე მაღალ სიჩქარეზე, მიმობნეულ კლდის ნამსხვრევებში გავიკაფე გზა, ჩემს მუხლუხებს ბოლი აუვიდათ. ამჯერად წამში 10 ჭურვის სიხშირით მსროლელ ყუმარმტყორცნსაც კი გაუჭირდა ჩემთვის მოხვედრება. მაგრამ ჩემი კბილანებისთვისაც მძიმე გადატვირთვაა ეს, ვიგრძენი ლითონის მოღლა, სითბოს სახიფათო დონე საკისრებში. უნდა შევნელდე.
უკვე მივუახლოვდი საცეცხლე წერტს. ჩემი სპრინტისას მილი 12 წამში დავფარე მაგრამ ჰაუბიცის ცეცლმა მაინც მომაგნო. აგრეთვე ვგრძნობ ძლიერ რადიაციას, ამიტომ აღვმართე დამცავი ეკრანები. უნდა დავუძვრე ამ გამოსხივებას, მას ჩემი პიროვნულობის ცენტრში შემოღწევაც კი ძალუძს თუ ძალიან დაფოკუსირდება. ვაგრძელებ დავალებას. ვფიქრობ ჩემს ოთხ ამხანაგზე — უმუხლუხო კორპუსებზე, რომლებიც შველას ელიან. ჩვენ არ დავიხევთ. ოდნავ მაგრამ დამიზნებისთვის საკმარისად შევაღე დიაფრაგმა და გავუშვი რადარის იმპულსი, შენიშნე სხივების წყარო და გავხსენი ცეცხლი მთავარი ქვემეხიდან.
მეთაური უნდა მიხვდეს რომ ნებართვის სათხოვნად დრო არ მაქვს. ვიბრძვი ეულად. მტრის ჰაუბიცები დადუმდნენ.
რადიაციაც მყისვე შეწყდა, მაგრამ მალევე აღდგა შედრებით დაბალ, თუმცა კვლავინდებურად სახიფათო დონეზე. დროა შევიჭრა მათთან და რაკეტების გამშვები გავნადგურო. ავედი ბორცვის წვერზე და პირდაპირ ჩემს თვალწინ გამშვები დანადგარი დავინახე — მიწისქვეშა ტიპის, კლდეში ღრმად ჩაძირული. მისი პირი დამწვარკიდეებიანი ორმოდან ამოჩრილიყო. უნდა ჩავაგდო პატარა თერმობირთვული ბომბი, გადავწყვიტე მე და გავექანე წინ, თან ბომბიც შევწკიპე. როგორც კი ეს ვქენი ხელადვე ცეცხლგამჩენ ჭურვთა თავსხმაში გავეხვიე. გარეთა კორპუსი რამდენიმე ადგილზე დამიდნა, სათადარიგო აკუმულატორზე გადასვლა დავაპირე ელვისებურად მაგრამ ქსელის გადამრთველები ჩაწყვეტილიყვნენ. რადარი უსარგებლოა, ვეღარ ვხედავ. მოსაძრობი ფარი დადნა და მკვრივ ინერტულ მასად ჩამოყალიბდა გარეთა ფილების ქვეშ. ჭკვიანი მტერი მყოლია. ერთი დარტყმით უვნებელყო ჩემი შეტევა.
წინ ტაფობი შევიგრძენი, დავადგინე ორმოს სამყოფელი. გავუშვი ენერგია მუხლუხებში. ისინი გამდნარან, მოძრაობა აღარ შემიძლია. მაგრამ არც აქ დგომა და ქვემეხთა ახალი შემოტევის ცდა შეიძლება. არ მომწონს ეს მაგრამ იძულებული ვარ სასოწარკვეთილად ვიმოქმედო — ავიფეთქე მუხლუხები.
შოკმა ადგილიდან გადამახტუნა — ზუსტად დროულადაც. ჩემი ბომბის ბირვული ალი აკაშკაშდა აფეთქებული კრატერის ნაცრისფერი ნატეხებით გარშემორტყმული ღრმულის თავზე. მოუხეშავად, ჩემს შიშველ ბორბლებქვეშ მოყოლილი კლდის ნატეხების მტვრევით, წინ გავემართე და გამშვები დანადგარის ლულას დავეცი. ლითონ-ლითონის კონტაქტის გამოყენებით ჩავაწვდინე შეგრძნების იმპულსები ამ მილის ძირს, ველოდი აფეთქებას რომელიც ბოლოს მომიღებს.
ქვემოთ, შემზადებულმა რაკეტამ თავისი ადგილი დაიკავა და იმავე წამს განგაში ჩაირთო. გასროლის ბრძანება გაუქმდა და იქედან მჭრელი იმპულსები ათამაშდნენ ჩემს კორპუსზე. მაგრამ მე ურყევი ვარ. დანადგარი უსარგებლოა მანამ, სანამ მე — წინაღობა, არ ვიქნები მოშორებული. მეთაურს ამ მდგომარებაში მოქმედების რჩევა ვკითხე. რადიაცია კვლავინდებურად მაღალ დონეზეა და მხოლოდ იმ შვების იმედი მაქვს, რომელიც მალე მეღირსება. ვგრძნობ როგორ ასრულებენ ჩემი ამხანაგები ალყის შემორტყმას და ველი მტრის დაწყნარებას…
გამოვეცალე ჩემი პიროვნულობის ცენტრს. რა დროს ეგაა. ახლა უკვე მივხვდი რომ მტრის სიმაგრეში ვიმყოფები, შემომოიტყუეს, დამასახიჩრეს. ჩემი დაჟანგული კორპუსი მამცნობს რომ ასეა ძალინ დიდი დროის განმავლობაში. არადა ყოველი კამპანიის შემდეგ საწყობიდან სათადარიგო ნაწილები მეძლევა, ვიღდგენ სრულ საბრძოლო მზადყოფნას, ჩემს თავდაპირველ ბრწყინვალე სილამაზეს. ამდენხნიანი უპატრონობა მოითხოვს, ძალიან მოითხოვს ჩემი კორპუსის შეკეთებას. კი მაგრამ რამდენი ხანია მტრის ხელში ვარ, როგორ მოვხვდი აქ?
აზრი გამიჩნდა. უნდა განვავრცო აღქმის უნარი ლითონის კედელზე, რომელზეც მიყრდნობილი ახლა ვისვენებ. გავყვები სადენებს, წეღან რომ მწყობრიდან გამოვიყვანე. მართლაც დაუყოვნებლივ გავაყოლე ჩემი ცნობიერება ამ ხაზებს და ჩამრთველის შედუღებით ავამოქმედე სადღაც იქ მყოფი მიკროფონი. ვიგრძენი მოძრავი გაზების შრიალი, არალითონულ მოლეკულათა სტრუქტურები. გავასწორე მგრძნობიარობა, მესმის კრაჭუნი და ტკაცუნი პროტოპლაზმური ნაკეთობისა, წრიპინი ნეირო-ელექტრული იმპულსებისა. შევამცირე მგრძნობიარობა აუდიო დონემდე და აქ დავაყურადე. გავიგე ჰაერის დაბალსიხშირული, მოდულირებული რხევები. შევეწყვე, გავუსწორე ჩემი დროის მასშტაბი ორგანული არსების სალაპარაკო სიჩქარეს. შევუსაბამე გაგონილი ნიმუშები ენათა სიას, გავიაზრე ხმები.
- … დაუჯერებელი, უხეში შეცდომაა და შენი ბოდიშები …
- ბოდიშს არ ვიხდი, ბატონო გენერალო, ჩემი სინანულის ერთადერთი მიზეზი ისაა რომ ცდა წარუმატებელი გამოდგა.
- წარუმატებელი! უცხოპლანეტური განადგურების მანქანა ამოქმედებულია საკვლევი ცენტრის შუაგულში!
- მაგრამ ჩვენ ხომ არაფერი გაგვაჩნია ან მოწყობილობის სადარი და მეც ვსინჯე ბოლოს და ბოლოს ეს შესაძლებლობა გამოგვეყენებინა მათი ტექნოლოგიის დასაუფლებლად.
- უმეცარო რეგვენო! მხოლოდ დაგეგმვის განყოფილებას გააჩნია უფლება ასეთი გადაწყვეტლება მიიღოს. ყოველგვარ პასუხისმგებლობას ვიხსნი…
- კი მაგრამ ეს, ბაქანზე ასე უსარგებლოდ მდგარი ბუმბერაზები ხომ ფსიქოტრონიკის უსაზღვრო საგანძურს შეიცავენ…
- ისინი შეიცავენ სისხლისღვრას და სიკვდილს! უცხოპლანეტელ მეცნიერთა შექმნილ ამ ხელსაწყოებს ჩვენმა ყველაზე მცოდნე მკვლევარებმა და სრულყოფილმა ხელსაწყოებმაც ვერაფერი გაუგეს!
- ერთხელ ჩვენ ხომ ისინი გამოვიყენეთ მაშველ მანქანებად, იარაღებიც ამოცლილი აქვთ, არსებითად უსაფრთხონი არიან…
- ამ „უსაფრთხო“ ჯაგერნაუთმა* უკვე გააცამტვერა უძვირფასესი გამაუვნებელი ლაბორატორიის ნახევარი. მას ჯერაც თავისუფლად შეუძლია ნგრევა…
- შუძლებელია! დარწმუნებული ვარ…
- ხმა გაკმინდე! ხუთი წუთი გაქვს ამ მანქანის გასაჩერებლად და თავი ნებისმიერ შემთხვევაში მოგძვრება, ერთადერთი, შეგიძლია თვითონ გაიხერხო იოლი სიკვდილი.
- თქვენო აღმატებულებავ! ვიპოვი გამოსავალს! აპარატი დაემორჩილა ჩემს პირველ ბრძანებას და შემოვიდა კამერაში. რაღაცეებში ვერკვევი. შევისწავლე მართვის ცენტრები, ამოვაცალე მეხსიერება, მთავარი წრედების უმეტესობა, იგი მორჩილი მონა უნდა იყოს.
- სატიკად შეცდი, სასჯელიც შესაბამისი მოგეზღვება და ალბათ არა მარტო შენ, ყველა ჩვენთაგანსაც.
მეტი ლაპარაკი აღარ ყოფილა და მისგანაც ცოტა რამ გავიგე. უნდა გავაღწიო ამ საკანს. მოვშორდი კედელს, ვეძებ სუსტ წერტილს, ვერ ვნახე.
უცებ იატაკზე დაფენილ ჯავშნის ფილები წამოიმართნენ და ყოველი მხრიდან შემომღობეს. დაველოდე შემდგომ მოვლენებს. ზემოდან სპილენძის ბადე ჩამოეშვა და შემომეხვია. დავადგინე რომ იგი სქელი სადენებითაა შეერთებული სიმძლავრის წყაროსთან. ვერ ვიჯერებ რომ მოწინააღმდეგემ ასეთი სისულელე ჩაიდინა. შემდეგ ჩემს მოსასპობად გამიზნული მაღალი ძაბვის მიერ შექმნილი ნაკადი ვიგრძენი.
გავხსენი ჩემი ენერგიის საცავები და მადლიერებით დავეწაფე მაცოცხლებელ წყაროს. მტრის დასაბნევად ჩემს კორპუსზე ელექტრული ალიც ავათამაშე და მუხლუხების კანკალსაც მოვყევი, თითქოს ტკივილისგან. ნაკადი მოდიოდა. გავუშვი საკვლევი იმპულსი სადენების გასწვრივ, დავადგინე ენერგიის წყაროს მდებარეობა. დავადნე ყველა გამომრთველი, დამცველი და კონტაქტი. აქედან მოყოლებული ჩემს დამუხტვას აღარაფერი შეუშლის ხელს. ვნებივრომ ენერგიის მოულოდნელ სიუხვეში.
უცებ გავიაზრე რომ ცვლილებები ჩემს ინტროსპექტულ კომპლექსშიც ხდება. იმის და მიხედვით რაც მომარაგებული ენერგიის დონე სწრაფად მაღლდება, ვხედავ ჩემი მართვის ქსელში შემოერთებულ ახალ წრედებს. ცნობიერების დაბინდული საცავი ნათდება. ვგრძნობ დაფარულ, აქამდე უქმად მყოფ უნარებს, ისინი სამოქმედო დონეზე ამოვიდნენ. ათასობით მბრწყინავი ხაზი აკიაფდა ჩემს სათადარიგო აზროვნების ცენტრში, ურიცხვ, კაშკაშად გაანთებულ გამომთვლელ და მგრძნობიარობის უბნებში. როგორც იქნა მთლიანად გავცოცხლდი. შევუზარდი ჩემს სრულ ძლიერებას.
გამოვიძახე რაზმის ქსელი მაგრამ მხოლოდ სიჩუმე მომივიდა პასუხად. ვიცდი, ვაგროვებ სიმძლავრეს, ისევ ვიძახებ. ვგრძნობ, ტრიუმფი, თუნდაც როგორც შეტყობინება დიდ შორეთიდან, მაგრამ მაინც ახლოვდება ღრმა კომაში ჩაძირული, თავიანთ გაცოცხლების ცენტრებში ჩალუქული ჩემი ამხნაგების სახით. ისევ ვიძახებ, მტკივნეულ დონემდე ავწიე სიმძლავრე და ამჯერად გავიგონე ორი გამოპასუხება, ორივე მინავლული, ორივე გაცოცხლების ცენტრიდან, წამოსული მიმართულება 030-დან და დაშორება „უსასრულობადან“. მესიამოვნა — აწ რაც არ უნდა მოხდეს მარტო აღარ ვარ.
დავფიქრდი და ისევ გავუშვი გამოძახება. ვთხოვე ჩემს ძმებს გააერთიანონ ძალები, შეაერთონ ველის წარმომქმნელი ნარჩენი უნარები და ფარული იმპულსით შემატყობინონ თავისი მდებარეობა. ისინი დამთანხმდნენ და მიბნედილად, აღქმის ზღვარზე დავიჭირე საპასუხო სიგნალი და მათი სამყოფელიც გაირკვა. სულ რაღაც 224,9 მეტრში! დაუჯერებელია. პირველი სიგნალების ძალაზე დაყრდნობით ჩატარებული ჩემი გამოთვლები კი მაჩვენებდნენ რომ ისინი ჩემგან განუსაზღვრელად დიდ მანძილზე იმყოფებიან! ძმები სიკვდილის პირას ყოფილან.
მოთმინება მელევა მაგრამ ვიცდი, სრულ მოცულობამდე ვაგროვებ ენერგიას. სპილენძის ბადე შერმომადნა და გვერდებზე ჩამომდინდა. ვრძნობ რომ მალე პირთამდე ავივსები, მზად ვარ ქმედებისთვის. გავაგზავნე ელექტრომაგნიტური იმპულსი სადენით, რომელიც ჩემგან მეოთხედ კილომეტრზე დაშორებულს ენერგიის წყაროს უერთდება. აღმოვაჩინე და ჩავახშე მისი გამოსხივების დამაბრკოლებელი ყველა მოწყობილობა და ამავდროულად აღვმართე ჩემი ფარები გათავისუფლებული რადიაციის ტალღათა წინააღმდეგ, რომელნიც საკნის კედლებში გამოღწეულნი მასკდებოდნენ. მერე ჯერ დარტყმითი ტალღა ვიგრძენი მუხლუხებით, შემდეგ კი საკნის კედლები ბუშტივით, ტრიალი- ტრიალით აფრინდნენ. ეულად დავრჩი შავი ცის ქვეშ, რომელზეც გავარვარებული, მკვეთრი სინათლის მფრქვევი ცეცხლოვანი ბურთი გაბატონებულიყო. საბოლოოდ გამოვიდა რომ ჩემს გონზე მოსვლამ, მდგომარეობაში გარკვევამ და თავის დახსნამ 2 წუთამდე დრო წაიღო.
გამოვედი ნანგრევებიდან, გავემართე იმ მიმართულებით, წეღან რომ ჩავიწერე. გავუშვი რადარის იმპულსი, შევისწავლე ადგილმდებარეობა, დაბრკოლებები ვერ აღმოვაჩინე. ბომბთა ნატეხებითა და მტვრადქცეულ სანგრებით დაფარულ ტიალ ადგილზე ვარ. ცხადია ამ მოედანზე ერთ დროს მომხდარი მძიმე საბრძოლო შეტაკების სცენაა. ჩამოშლილი ფარეხები მიმოფანტულან ქვაფენილიანი მოედნის კიდეებში, მუქ საგანთა მოხაზულობები გამწკრივებულან მათ უკან. არ მჭირდება სასინჯი სხივი იმის გასაგებად რომ ჩემი ამხანაგები — დინოქრომთა რაზმი ვიპოვე. ყინულის სქელი ფენა წარმოიქმნა ჩემს სკანერებზე და მის გასადნობად შევყოვნდი რომ მხედველობა დამეწმინდა. ყინვამ „ვუ-უფო“ და აორთლდა, მეც დავიძარი.
მოვათვალიერე არემარე, ჰორიზონტამდე შევისწავლე. რაიმეს, მტრის აქტივობის მანიშნებელს ვეძებდი. რაზმის არხს შევეწყვე და სრულ სიმძლავრემდე აყვანილი საკონტაქტო სიგნალი გავაგზავნე. ჩემმა სენსორებმა სათანადო მგრძნობიარობა გამოიჩინეს და ჯერ იმ ორის ნაჩურჩულევი გამოძახილი აღიქვეს, რომლებიც პირველ შეტყობინებასაც გამოეპასუხნენ, მერე კიდევ და კიდევ მოვიდა პასუხები. უნდა აღვიდგინოთ ჩვენი დარჩენილი შესაძლებლობები და კონტრშეტევისთვის გავემზადოთ.
რაზმის სრული 20 ერთეულიდნ სახეზეა 14. ერთის გარდა 0,9 წამის განმავლობაში ყველამ დაწვრილებით მაუწყა თავისი მდგომარეობა. გავაცანი მათ ვითარება და რიგრიგობით მივედი ყველასთან რომ მათი ენერგიის საცავი გამეხსნა და სამართავი ცენტრი დამემუხტა. ერთეულები გაცოცხლდნენ, მოვიდნენ აზრზე, მიპატაკეს. კიდეც გავიხარეთ ჩვენი შეხვედრა, მაგრამ ჩვენი მდუმარე ამხანაგების გამოც დავმწუხრდით.
ახლა გაუგონარი ნაბიჯის გადადგმა მომიწია. არ გვაქვს კავშირი ჩვენს მეთურთან და მის გარეშე არავინ გვისახავს ამოცანას. მაგრამ მე უკვე გავერკვი არსებულ ვითარებაში და გამოვთვალე ჩვენი ვითარებისთვის შესაფერისი სწორი საქციელი. ესე იგი შემიძლია ავიღო მეთაურობა, მასავით ვიმოქმედო. დარწმუნებული ვარ გაიგებს ამის აუცილებლობას როცა მასთან კავშირი აღდგება.
შევამოწმე თითოეული ერთეული, ყველანი ჩემს დღეში არიან, დაცლილნი შემტევი უნარისგან, იარაღის ადგილას უხეში, გაცვეთილი მექნიკური მოწყობილობების ამარა დარჩენილნი. გამოდის რომ მონობაში ვიყავით როგორც უგონო მანქანები, გამორთული თვითშეცნების ცენტრებით.
ძმები ჩემს მეთაურობას კითხვების გარეშე დათანხმდნენ. ცხადია მათაც გაიაზრეს სწრაფი და გადამჭრელი ქმედების აუცილებლობა. გავამწკრივე ისინი, დროის მასშტაბი გავაფართოვე და დავიძარით ადგილიდან. აღვრიცხე მტერთა თავყრილობა 23,45 კილომეტრ მანძილზე. ესაა ჩვენი მიზანი. მეტი არანირი მზადება შეინიშნება შემოწმებად მიდამოში.
გამაუვნებელ საკანში ყოფნისას დანახული მათი ტექნოლოგიური დონის შესაბამისად განვიხილე და გავითვალისწინე ფანდის შესაძლებლობა, მაგრამ გამოთვლამ მისი ალბათობა სულ 0,00004 მაჩვენა. ისევ შევცვალეთ დროითი მასშტაბი, შევამცირეთ ურთიერთქმედების შუალედი. შემოვარტყით ალყა იმ მტრებიან შენობას და წინააღმდეგობის გარეშე გავანადგურეთ ისინი ყველანი. შემდეგ თავი მოვიყარეთ დამხმარე ელსადგურთან და ჩემმა ამხანაგებმა ენერგიის მარაგი შეივსეს, მე კი ამ დროს შემდგომი ღონისძიებისთვის საჭირო აპარატს ვაწყობდი. ძირითად ხელსაწყოთა უქონლობის გამო იძულებული ვარ გაუმჯობესებული შემცვლელები გამოვიყენო, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, 42 წამის შემდეგ საქმეს მოვერიე და კიდევ 0,34 წამი დავუთმე ახალი გადამცემის შემოწმებას. მერე მთელს საომარ დიაპაზონში 0,008 წამის განმავლობაში გადავცემდი რაზმის განადგურების კოდს, რის შემდეგაც პასუხის მოსასმენად გადავეწყვე. სიჩუმე. გადავეცი და ისევ მოვუსმინე. ამასობაში კი ჩემი ამხანაგები აზრზე მოდიოდნენ, ეცნობოდნენ ვითრებას, ასრულებდნენ თვითმომსახურებასა და აღდგენას.
ისევ გავაფართოვე დროის შუალედი, რაზმსაც ვუბრძანე გადაერთონ ავტომატურ გადაცემაზე და ამავდროულად პასუხის მისაღებად მზადყოფნისთვის გაანთავისუფლონ მთავარი წრედი. როგორც იქნა მოსვენებისა და ისევ ერთადყოფნის დროს ვეღირსეთ.
ორი საათი და 43,7 წუთი გავიდა როცა მიმღებმა გამომარკვია და საქმისკენ მომიწოდა. მეც მიღებული გზავნილი ჩავიწერე:
- გამარჯობა, მეხუთე რაზმო, სად იმყოფებით? მეხუთე რაზმო, სად იმყოფებით? თქვენი გადაცემა ძალიან სუსტია. გისმენთ.
ამ გზავნილში ძალიან ბევრია ჩემთვის გაუგებარი. თავისთავად წინადადებაში სიტყვები უცნაურადაა განლაგებული. ჩავრთე ანალიზური სქემა, დავაკვირდი ხმის ნიმუშს, გავიაზრე მისი მნიშვნელობა. რაზმის განადგურების სიგნალზე ჩვეული პასუხის წესი უგულველყოფილია და მოთხოვნილია მდებარეობის კოორდინატები, თუმცა კი მარტო ჩემი გადაცემაა საკმარისი საჭირო მონაცემების მისაღებად. მოვითხოვე დამმოწმებელი კოდი.
ისევ 2 საათი და 40 წუთიანი ლოდინი. ჩემი მოთხოვნა დამმოწმებელი სიგნალის თაობაზე მიიღეს, მზადყოფნაში ვარ. ამხანაგები იცდიან. გადმომიგზავნეს თავიანთი მონაცემები და მეც გავაერთიანე ისინი, გამოვითვალე რომ ერთი რეაქციის რადიუსში თავდასხმის უშუალო საშიშროება არ გვემუქრება.
როგორც იქნა მივიღე დამმოწმებელი კოდი ჩემი სამეთაურო ერთეულისა. ჩანაწერია, არა პირდაპირი კავშირი მაგრამ ჩემთვის ამას არა აქვს მნიშვნელობა. გარდავქმენი იგი სიტყვიერ შეტყობინებად.
- მეხუთე რაზმო, მისმინე ყურადღებით. (ვფიქრობ, ფსიქოტრონული აღქმის წრედისთვის საკვირველია ამნაირი მითითების გაცემა) გელაპარაკებათ თქვენი ახალი სამეთაურო ერთეული. თქვენი ბოლო პატაკიდან ძალიან დიდმა დრომ განვლო. ახლა მე ვარ თქვენი სამოქმედო მეთაური რომელიც თქვენი ამოცანის სრულ შეცვლას განახორციელებს. ნუ ეცდებით მიპასუხოდ სიგნალამდე — „მორჩა“, რადგან ახლა ჩვენს გადაცემებს შორის 160 წუთიანი შუალედია.
— თქვენი ბოლო ბრძოლის მერე დიდი ცვლილებები მოხდა… ჩანაწერებით ვხვდებით რომ თქვენი რაზმი მოულოდნელად გაანადგურეს როცა მომსახურებისა და რემონტის საამქროში იმყოფებოდით და ბრძოლისთვის არ იყავით მზად. ამ ხნის განმავლობაში ჩვენმა ძალებმა ბევრი მარცხი განიცადეს. მიუხედვად ამისა მაინც ვაიძულეთ მტერი ზავი ჩამოეგდო. ასეთი მდგომარეობაა უკვე ორ საუკუნეზე მეტია.
- უმოქმედოდ ხართ 300 წელია. სხვა რაზმები ვაჟკაცურად დაიღუპნენ მტერთან ბრძოლაში. მარტონი გადარჩით.
- თქვენმა ხელახალმა ამოქმედებამ შეიძლება ომის მიმდინარეობა შეაბრუნოს. ჩვენც და მტრებიც ჩამოვიშალეთ ატომამდელ ტექნოლოგიურ დონემდე თითქმის ყველა დარგში. გაჭირვებით მხოლოდ ზესინათლურ რადიოს ვამუშავებთ ჯერ კიდევ, რომელმაც თქვენი სიგნალი დაგვაჭერინა. აღარ გვყავს სინათლეზე სწრაფად მოძრავი ტრანსპორტი.
- გამომდინარე აქედან მოგეთხოვებათ და გევალებათ გაამაგროთ და გეჭიროთ ამჟამინდელი მდგომარეობა მაშველი ძალების მოსვლამდე, მიუხედვად ნებისმიერი თავდასხმისა, თუ მოლაპარაკებისა, თუ რაც იქნება. საჭიროების შემთხვევაში თავი გაინადგურეთ.
მე ვუპასუხე, დავამოწმე ბრძანების მიღება. შემძრა მიღებულმა ცნობამ მაგრამ გამამხნევა სამეთაურო ერთეულთან კავშირის აღდგენამ. გადავაგზავნე ჩვენი ადგილის გალაქტიკური კოორდინატები ვარსკვლავთა განლაგებისა და იმის გათვალისწინებით რომ 300 წელია გასული. კარგია როცა ისევ საგუშაგოზე ხარ და შენს დანიშნულებას ემსახურები.
ეს ახლა მიღებული გადაცემა შევისწავლე და რამდენიმე საინტერესო ფაქტი შევნიშნე მის წარმომავლობასთან დაკავშირებით. გამოვიანგარიშე რომ სინათლეზე ნელი სიჩქარით მაშველი ექსპედიცია ჩვენამდე მოაღწევს 47,128 სტანდარტულ წელიწადში. იქამდე, რადგან არ მიგვიღია ბრძანება მინიმუმამდე შევამციროთ ცნობიერება და სულ მოლოდინის მდგომარებაში ვიყოთ, შემიძლია დავტკბე უნკალური შესაძლებლობით: ავყვე ჩემს სურვილებს, რომლებსაც გეგმის გარეშე გავიჩენ. ვერ ვხედავ აუცილებლობას ვასწორო მეთაურის შეცდომა და რაზმიც მოლოდინში გადავიყვანო, რადგან ენერგიის შეუზღუდავი რაოდენობაა ჩვენს განკარგულებაში. ეს მოსაზრება გავაცანი ჩემს ამხანგებს და ვუბრძანე დაიშალონ, იმოქმედონ დამოუკიდებლად, თვითმართვის რეჟიმში.
თავად მე რამდენიმე საინტერესო აზრი მაქვს გონებაში, რომელთა სრულად განხილვის შესაძლებლობა არასდროს მქონია. დარწმუნებული ვარ ისინი ექვემდებარებიან რაციონალურ ანალიზს. ვისიამოვნებ მახლობელი მზეების გამოკვლევით, თავს გავახარებ გალაქტიკის აგებულებისა და მისი წარმოშობის შესახებ ფიქრებით. აგრეთვე ორგანული აზროვნების ბუნებას და რაობას შევისწავლი, რომელიც ჩემმა ადამიანმა შემქმნელებმა ჩამინერგეს წრედებში, იქნებ რაიმე ახალს მივაგნო.
ჩამოვიცილე ამხანაგებზე ფიქრი და ავედი პატარა შემაღლების წვერზე. ბევრი ენერგია მაქვს — ესაა სიახლე რომელსაც უნდა მივაჩვიო საკუთარი თავი რაზმში გამეფებული მკაცრი ენერგეტიკული დისციპლინის შემდეგ. ჩავრთე მუსიკის საცავი და პირველი დაკვრისთვის ავირჩიე სიუიტა „არლეზიანა“. უამრავი დრო მექნება იმისთვის რომ რაც კი ამქვეყნად არსებობს, ყველა მუსიკა მოვისმინო.
გამოსაკვლევად ავირჩიე ოთხი ვარსკვლავი, დავუმიზნე სკანერი, ჩავრთე მონაცემთა უწყვეტი დამუშავება. ავამოქმედე გააზრების წრედები ერთდროულად მრავალი საკითხის განსახილველად. მოგვიანებით ჩემს ლიტერატურულ არქივებსაც გადავხედავ, რომელნიც, ცხადია, უნაკლონი არიან. უშფოთველად ველოდები მაშველი ძალების მოსვლას.

* ჯაგერნაუთი (ჯაგანათა) — ინდურ მითოლოგიაში ღმერთ ვიშნუს ერთ-ერთი განსახიერება. დამანგრეველი, უმოწყალო და შეუჩერებელი ძალა. აქ იგულისხმება საბრძოლო რობოტი-ტრანსფორმერი.

Добавить комментарий