რობერტ შეკლი. საბოლოო იარაღი

ედსელი მკვლელობის ხასიათზე გახლდათ. მან, პერკმა და ფექსონმა სამი კვირა დაახარჯეს ამ ხრიოკ არემარეს, იჩიჩქნებოდნენ თითოეულ მიწაყრილში და მერე ხელცარიელნი შემდეგზე გადადიოდნენ. მარსის ცქვიტი ზაფხულის ყოველი მომდევნო დღე სულ უფრო ცივი იყო და ასევე ყოველ დღე იცვითებოდნენ უკეთესის მოლოდინში დაეჭვებული ედსელის ნერვები. ტანმორჩილი ფექსონი კი მშვენიერ ხასიათზე იყო, ოცნებობდა მთელს იმ ფულზე, რასაც ისინი იშოვნიდნენ როცა იარაღს ნახავდნენ. პერკი, თითქოს რკინისგანაა ნაკეთებიო, ხმაამოუღებლად მიალაჯებდა მათ გვერდით, და სიტყვასაც ვერ დააცდენდი თუ არ დაელაპარაკებოდი.
ედსელმა კი უკვე მიაღწია თავის ზღვარს. მათ მორიგი ყორღანი გათხარეს და მარსიელთა დაკარგული იარაღის ნიშანწყალს კვლავაც ვერ მიაგნეს. წარმოუდგენლად ლურჯ ცაზე ვარსკვლავები დღისითაც ციმციმებდნენ, ფერმიხდილი მზე თითქოს მარტო ედსელს მიშტერებოდა, მაგრამ სითბოგაუმტარ სამოსში ჩაჟონილი ნაშუადღევის თოში მაინც უშეშებდა სახსრებს, უბორკავდა მძლავრ კუნთებს.
ანაზდად ედსელმა გადაწყვიტა პერკი მოეკლა. ეს მდუმარე კაცი თავიდანვე არ მოეწონა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ამხანაგობა ჩამოაყალიბეს. არ მოსწონდა უფრო მეტადაც კი, ვიდრე ეს ზიზღის მომგვრელი ფექსონი.
ედსელი შეჩერდა.
- იცი საით უნდა წავდეთ? — დაბალი, მუქარაშერეული ხმით შეეკითხა იგი პერკს.
პერკმა უდარდელად აიჩეჩა თავისი ვიწრო მხრები. მის ფერმკრთალ, ლოყებჩავარდნილ სახეს არაფერი გამოუხატავს.
- იცი? — იკითხა ედსელმა
პერკმა ისევ აიჩეჩა მხრები.
„ტყვია შუბლში“, — დაასკვნა ედსელმა და ხელი იარაღისკენ წაიღო.
- მოიცადე! — შეეხვეწა მას ფექსონი და შუაში ჩადგა, — ნუ გააფრენ, ედსელ, უბრალოდ დაფიქრდი მთელს იმ ფულზე, რომელსაც იარაღის ნახვა მოგვიტანს!-ამ აზრმა თავად კაცუნასაც გაუბრწყინა თვალები, — ის სადღაც აქვეა, ედსელ, შეიძლება სულაც შემდეგ ყორღანში.
ედსელი შეყოყმანდა და პერკს მიაჩერდა. ამ წუთს ყველაზე მეტად მას მკვლელობა უნდოდა. როცა მათ იქ, დედამიწაზე კომპანია დააფუძნეს, მაშინ რომ სცოდნოდა ასე იქნებოდა ყველაფერი,… იმ დროს ხომ ეს საქმე ძალიან იოლად გამოიყურებოდა. ედსელს ჰქონდა ფირფიტა რომელზეც ეწერა სადაა მარსიელთა ზღაპრული იარაღის სამალავი. პერკი მარსიელთა დამწერლობას არჩევდა, ხოლო ფექსონმა ექსპედიცია დააფინანსა. ამგვარად, ედსელს ეგონა, ისინი დაეშვებოდნენ მარსზე, გაისეირნებდნენ განძით ავსებული ყორღანისკენ და სულ ეს იქნებოდა.
აქამდე ედსელი არასდროს გასცილებია დედამიწას და არ ელოდა რომ ასეთი ექსპედიცია დაკავშირებულია კვირების გატარებასთან სიცივეში, კონცენტრატების ზოგვით გამოწვეულ შიმშილთან, გამუდმებულ თვბრუსხვევასთან იმის გამო რომ მართალია გაფილტრული, მაგრამ მაინც ერთიდაიგივე, გაიშვიათებული ჰაერით უწევს სუნთქვა. არ გაუთვალისწინებია კუნთების უმოწყალო ტკივილი, რომელიც გერევა როცა საკუთარ სხეულს ხშირ მარსიულ ბუჩქებში მიათრევ.
ერთადერთი რაზეც მაშინ იგი ფიქრობდა, იყო ფასი რომელსაც მთავრობა, ნებისმიერი მთავრობა, გადაუხდით მათ ამ ლეგენდარულ იარაღში.
- ოჰ, ეს რა დამემართა, — მალევე მოერია თავს ედსელი, — აქაურობამ გამამწარა, გავცხარდი. კარგი, გაგვიძეხი, პერკ.
პერკმა თავი დაუქნია და ისევ გაუყვა გზას. ფექსონმა შვებით ამოისუნთქა და მას გაჰყვა.
„ბოლოს და ბოლოს, — გაიფიქრა ედსელმა, — ამათი მოკვლა ნებისმიერ დროს შემიძლია“.
საჭირო ყორღანს დღის მეორე ნახევარში მიაგნეს, ზუსტად იმ დროს როცა ედსელის მოთმინება ისევ დაილია. უცნაური, დახოხოლებული რამ იყო, ზუსტად ისეთი, როგორადაც მათ საბუთშია აღწერილი. ნიადაგის რამდენიმე სანტიმეტრიანი ფენის ქვეშ ლითონს წააწყდნენ. მამაკაცები მის გასუფთავებას შეუდგნენ და მალე კარებსაც მიაკვლიეს.
- მოიცადეთ, ვესვრი და გავაღებ, — თქვა ედსელმა და რევოლვერი დააძრო. პერკმა იგი გვერდზე მისწია, სახელური გადაატრიალა და კარიც გააღო.
ზღურბლს მიღმა გამოქვაბული დახვდათ, რომელშიც ერთი მბზინავი შრე მეორეზე დაწყობილი, მარსის ლეგენდარული იარაღი ელაგა — მარსიელთა ცივილიზაციის დღემდე დაკარგული არტეფაქტი. სამი კაცი ერთხანს იდგა და უბრალოდ უმზერდა მას. ეს იყო განძი, რომლის ნახვის იმედი მათ თითქმის დაკარგეს.
იმის მერე რაც ადამიანი მარსზე დაეშვა, მან ყველა ნანგრევი გამოიკვლია, დაშლილი აპარატები, ხელოვნების ნიმუშები, ხელსაწყოები, ყველაფერი რაც მოჩვენებად ქცეული ტიტანური ცივილიზაციისგან დარჩა, რომელმაც ათასობით წლით გაუსწრო დედამიწისას.
რუდუნებით გაშიფრულმა ტექსტებმა გაამხილეს რომ მარსის ზედაპირი დიდმა ომმა მოაოხრა. მაგრამ ეს ჩანაწერები არასრულნი აღმოჩნდნენ და ვერაფერს მოჰყვნენ იმის შესახებ, თუ რა შეემთხვათ მარსიელთ. ათასობით წელი გასულიყო იმის მერე რაც მოაზროვნე არსებები გადაშენდნენ მარსზე. რატომღაც ცხოველთა სამყაროც მთლიანად გამქრალიყო პლანეტაზე. გამოდიოდა რომ მარსიელებმა თავისი იარაღი როგორღაც თან წაიყოლეს.
ხოლო ეს იარაღი, ედსელმა დანამდვილებით იცოდა, თავისი წონა რადიუმის ფასი ღირდა. მისი მსგავსი და შესადარი არაფერი შექმნილა ამქვეყნად.
მამაკაცები შიგნით შევიდნენ. ედსელმა პირველივე საგანი აიღო რომელზეც ხელი მიუწვდა. ორმოცდახუთ კალიბრიანივით გამოიყურებოდა ოღონდ უფრო დიდი. იგი კართან მობრუნდა და აქედან ბუჩქს დაუმიზნა.
- ნუ ისვრი, — მიამრთა მას ფექსონმა როცა ედსელმა უკვე ნიშანი ამოიღო, — იქნებ საწინააღმდეგო მხარეს გავარდეს ანდა რამე, რომ მივყიდით, მერე ისროლოს მთავრობის ხალხმა რამდენიც უნდათ.
ედსელმა სასხლეტი მოწურა. ოცდახუთ მეტრში მყოფი ბუჩქი წითელმა, კაშკაშა ალმა ჩანთქა.
-არაა ცუდი, — თქვა ედსელმა და სასროლს ხელი მოუთათუნა. მერე დადო და შემდეგი აიღო.
- გთხოვ ედსელ, — ნერვიულად თქვა ფექსონმა, — რაში გვჭირდება ამეების გამოცდა, იქნებ ატომური ბომბი ან მისი მსგავსი რაღაცა აამოქმედო.
- მოკეტე, — უპასუხა მას ედსელმა რომელიც ამ დროს ახალი ნივთის ასამოქმედებელ ღილაკს ეძებდა.
- მეტი აღარ ისროლო, — იხვეწებოდა ფექსონი. მან პერკსაც გადახედა შემწეობისთვის მაგრამ ის მხოლოდ მდუმარედ უყურებდა ედსელს, — გესმის, ამ ნივთებიდან ერთ-ერთმა ხომ მარსიელთა რასა გააქრო, რად გინდა რომ ის რაღაცა ისევ აამუშავო?
ამასობაში ედსელი ნიადაგის გამდნარ-გასწორებულ მონაკვეთს მისჩერებოდა, რომელიც მისი მორიგი ახალი იარაღის ნასროლმა წარმოშვა.
- კარგი რაღაცაა, — თქვა მან და შემდეგი, წკნელის მსგავსი ხელსაწყო აიღო.
სიცივე დავიწყებას მიეცა, ედსელი ახლა სრულიად ბედნიერი იყო რადგან საშუალება ჰქონდა ამდენი მბზინავი სათამაშოთი შეექცია თავი.
- მოდით, წავიდეთ, — თქვა ფექსონმა და გასასვლელისკენ დაიძრა.
- წავიდეთ? სად? — იკითხა ედსელმა და მორიგი, ზუსტად მისი მაჯის შესაბამისად მორკალული, ბრჭყვიალა ნივთი აიღო.
- სადგურში დავბრუნდეთ, — თქვა ფექსონმა, — დავბრუნდეთ და გავყიდოთ ეს საქონელი, როგორც მოვილაპარაკეთ, ვფიქრობ ნებისმიერი ფასის დადება შეგვიძლია, საერთოდ ნებისმიერის, ასეთ იარაღში მთავრობა მილიარდებს გადაგვიხდის.
— აზრი შევიცვალე, — თქვა ედსელმა. თვალთახედვის განაპირით იგი პერკსაც აკვირდებოდა. ის თხელი მამაკაცი იარაღის რიგებს შორის დადიოდა მაგრამ მათგან ისეთი დაშორებით რომ ხელი არცერთისთვის მიუწვდებოდა.
- ახლა მომისმინე, — თქვა ფექსონმა და ბრაზით მიაჩერდა ედსელს, — მე დავაფინანსე ეს ექსპედიცია. ჩვენ მოვილაპარკეთ რომ გავყიდდით ამ საქონელს. მე მაქვს უფლება… თუმცა არა, შეიძლება არ მაქვს.
გამოუცადი იარაღი მას პირდაპირ მუცელში მოშვეროდა.
- რას შვები? — იკითხა ფექსონმა და თან ცდილობდა იარაღისთვის არ შეეხედა.
- ჯანდაბას გაყიდვა, — თქვა ედსელმა და ქვაბულის კედელს ისე მიეყრდნო რომ პერკისთვისაც შესძლებოდა თვალის მიდევნება, — აზრად მომივიდა რომ თავად შემიძლია ამ საქონლის გამოყენება, — იგი ავად დაიკრიჭა თუმცა კვლავინდებურად არცერთს არ აშორებდა თვალს.
- იქ, სახლში, ბიჭებს მოვუყრი თავს და ამ ნივთების მეშვეობით იოლად გავაპანღურებთ ერთ პატარა მთავრობათაგანთ ცენტრალურ ამერიკაში და ვფიქრობ სამუდამოდ დავიკავებთ მის ადგილს.
- გასაგებია, — თქვა იარაღზე თვალმიჩერებულმა ფექსონმა, — მე არ მსურს მაგნაირ რამეში მონაწილეობა. ნუღარ გაქვს ჩემი იმედი.
- კარგი, — თქვა ედსელმა.
- რამეს იტყვისო ნუ იფიქრებ, მაგაზე არ იდარდო, არ ვიზამ, — სწრაფად თქვა ფექსონმა, — უბრალოდ არ მინდა სროლაში და მკვლელობაში მონაწილეობა, ასე რომ მივდივარ.
- გასაგებია, — თქვა ედსელმა. პერკი მის გვერდით იდგა და თავის ფრჩხილებს იკვლევდა.
- თუ გამოგივა სამეფოს დაარსება, დავბრუნდები, — სუსტი ღიმილით წარმოთქვა ფექსონმა. — იქნებ ჰერცოგად გამხადო ან რამე მაგნაირად.
- გაგიხერხებ რაღაცას.
- მაშ, გისურვებთ წარმატებას, — ფექსონმა ხელი აიქნია და წასასვლელად გაეშურა. ედსელმა აცალა მას ათიოდ მეტრის გავლა, მერე ახალი იარაღი დაუმიზნა და ღილაკს დააჭირა.
სასროლს ხმა არ გამოუცია, არც გაელვება ყოფილა მაგრამ ფექსონს ხელი პირწმიდად ჩამოეთალა. ედსელმა სრაფადვე ისევ დააჭირა ღილაკს თითი და იარაღი ფექსონის ტანის გასწვრივ ჩამოიქნია. პატარა კაციც შუაზე გაიკვეთა და მის იქით ნიადაგიც ჩაღრმავდა.
ედსელი შემობრუნდა, მან უცებ გაიაზრა რომ პერკისთვის ზურგი აქვს მიშვერილი. ამ კაცს კი შეეძლო ხელი გაეშვირა, უახლოესი იარაღი აეღო და მისთვის ესროლა. მაგრამ პერკი უბრალოდ გულზე ხელებდაკრეფილი იდგა.
- ამ სხივს ალბათ ყველაფერში გავლა შეუძლია, — თქვა ედსელმა, — გამოსადეგი რამეა.
ამის მერე ედსელმა უმშვენიერესი ნახევარი საათი გაატარა. იგი განუწყვეტლივ ბრუნდებოდა კარებთან სხვადასხვა იარაღით ხელში. ხოლო პერკი არც განძრეულა რაიმესთვის ხელის მოსაკიდად, თუმცა კი ინტერესით ადევნებდა თვალყურს ამ ყველაფერს. უძველესი მარსიული იარაღი ახალივით იყო, სულ არ ეტყობოდა ათასწლიანი უმოქმედობა. ქვაბულში მრავალნაირი აგებულებისა და შესაძლებლობის ურიცხვი ნივთი იმყოფებოდა: სითბური და სხივური, საოცრად კომპაქტურები, იარაღი რომელსაც გაყინვა შეუძლია და ისეთიც ყველაფერს რომ წვავს, აგრეთვე დამფშვნელი, მკვეთავი, შემდედებელი, დამბლის დამცემი და კიდევ უთვალავი სხვა გზით სიცოცხლის წამრთმევი.
- მოდი ეს გავსინჯოთ, — თქვა პერკმა.
ედსელი, რომელსაც ის იყო საინტერესო იერის მქონე სამლულიანი შაშხანა უნდა გამოეცადა, შედგა.
- მაცალე, — თქვა მან.
- გეყო ეს სათამაშოები, მოდი ამ ნაღდ რამეს შეხედე.
პერკი დაბალ, შავ, ბორბლებიან მანქანასთან იდგა. მათ ერთად გამოაგორეს იგი გარეთ და მერე პერკი ისევ მხოლოდ უყურებდა როგორ გადართო ედსელმა მართვის ორგანოთაგან ერთი. მანქანის სიღრმეში რაღაცა ხმადაბლა აზუზუნდა შემდეგ კი ცისფერი ბურუსი წარმოიშვა. როცა ედსელი კიდევ ერთხელ შეეხო ბერკეტებს, ნისლმა ზრდა იწყო და ბოლოს მთლიანად გარს შემოერტა ორივეს.
- მოსინჯე და ესროლე, — თქვა პერკმა.
ედსელმა აიღო ერთი ამაფეთქებელი იარაღი და გაისროლა. მუხტი მთლიანად შეიწოვა ამ ბურუსმა. მან კიდევ სამჯერ სცადა, მაგრამ ვერცერთმა ნასროლმა გააღწია ციფერ ნისლს.
- ვფიქრობ, — წყნარად თქვა პერკმა, — ეს ატომის ბომბსაც შეაჩერებს, ძალის ველია.
ედსელმა გამორთო მანქანა და ისინი მღვიმეში შებრუნდნენ. ჰორიზონტთან მზის მიახლოების კვალად სიბნელეც მუქდებოდა.
- იცი, — თქვა ედსელმა, — შენ კარგი ბიჭი ჩანხარ, პერკ, ნაღდი.
- გაიხარე, — თქვა პერკმა და მის წინ მდებარე იარაღის ზვინებს გადახედა.
- ხომ არ გეწყინა ფექსონი რომ მოვიშორე, ჰა? იგი პირდაპირ მთავრობასთან აპირებდა მისვლას.
- პირიქით, მეც მაგ აზრზე ვარ.
- შესანიშნავია, მაგარი კაცი ხარ, შეგეძლო მოგეკალი როცა ფექსონს ვასაღებდი, — ედსელმა აღარ დაამატა რომ იგი აუცილებლად მასე მოიქცეოდა.
პერკმა მხრები აიჩეჩა.
- რას ფიქრობ იმაზე რომ ეს სამეფოს ამბავი ერთად გავაჩალიჩოთ? — კრეჭვით იკითხა ედსელმა, — ეჭვი არ მეპარება გავჩარხავთ, მოვეწყობით მშვენიერ ადგილას, დავითრევთ უამრავ გოგოს, ვიმხიარულებთ, გაწყობს?
- მაგარია, — თქვა პერკმა, — მაწყობს, წილში მიგულე.
ედსელმა მას ხელი დაჰკრა მხარზე და ისინი იარაღის რიგებს დაუყვნენ.
- აქ რაცაა, ყველა გასაგებია, — თქვა პერკმა როცა ისინი ქვაბულის ბოლოს მიადგნენ, — ერთმანეთის მსგავსებია.
მღვიმის ბოლოში კარი აღმოჩნდა რომელზეც მარსიული ტვიფრით რაღაც ეწერა.
- რას ამბობს ეს წარწერა? — იკითხა ედსელმა.
- რაღაცას „უკანასკნელი იარაღის“ შესახებ, — უთხრა მას ნაქარგივით წარწერის შემხედვარე პერკმა, — გვაფრთხილებს, არ შეხვიდეთო.
მან კარი გააღო და ორივემ ერთდროულად შედგა ფეხი ახალ ოთახში თუმცა წამსვე უკუდგნენ.
კარს მიღმა უზარმაზარი სათავსო ყოფილა, წინაზე არაუმცირეს სამჯერ დიდი და სანამდეც მათ თვალი მიუწვდებოდათ, ეს სათავსო ჯარისკაცებით იყო გავსებული. ბრწყინვალედ გამოწყობილნი, სრულად შეიარაღებულნი, მეომრები უძრავად იდგნენ, ქანდაკებებივით. არც ჰგავდნენ ცოცხლებს.
კარის სიახლოვეს მაგიდა იდგა რომელზეც სამი ნივთი იდო. ერთი, კაცის მუჭისტოლა სფერო, მასზე დანაყოფებიანი დისკოთი. მის იქეთ მბრწყინავი ჩაფხუტი, ხოლო მათ შორის პატარა შავი კოლოფი ზედ მარსიული წარწერით.
- ეს სამარხია? — ჩურჩულით იკითხა ედსელმა, რომელიც მოწიწებით შეჰყურებდა მარსიელი ჯარისკაცების ნებისყოფიან, არამიწიერ სახეებს. მის უკან მდგომ პერკს ხმა არ ამოუღია.
ედსელი მაგიდასთან მივიდა და სფერო აიღო. მან ფრთხილად მოაბრუნა დისკო ერთ დანაყოფით.
- როგორ ფიქრობ, რას შვება ეს? — შეეკითხა იგი პერკს, — შენ გგონია… — შემდეგ წამს ორივემ შეჰყვირა და უკან დაიხია.
მებძოლთა მწკრივი შეინძრა. იგი ჯერ შექანდა ხოლო მერე ისევ „სმენაზე“ დადგა. მაგრამ ახლა მათ აღარ ჰქონდა სიკვდილით გაქვავებულთა იერი, უძველესი ჯარისკაცები გაცოცხლდნენ.
ერთი მათგანი, დიდებულ ვერცხლისფერ-მეწამულ ფორმაში გამოწყობილი, წინ გამოვიდა და თავი დაუკრა ედსელს.
- ბატონო, თქვენი ჯარი მზადაა, — ედსელი ძალიან განცვიფრებული იყო საიმისოდ რომ რაიმეს თქმა შესძლებოდა.
- როგორაა რომ ცოცხლები ხართ ათასწლეულების შემდეგ? — იკითხა პერკმა, — მარსიელები ხართ?
- ჩვენ მარსიელთა მსახურნი ვართ, — თქვა ჯარისკაცმა. პერკმა აღნიშნა რომ ჯარისკაცის ტუჩები არ განძრეულან, ეს კაცი ტელეპატი იყო, — ბატონო, ჩვენ ხელოვნურები ვართ.
- ვის ემორჩილებით? — ჰკითხა პერკმა.
- აქტივატორს, ბატონო, — ხელოვნური პირდაპირ ედსელს ელაპარაკებოდა და მის ხელებში მყოფ სფეროს უყურებდა, — ჩვენ არ გვჭირდება საკვები ან ძილი, ბატონო, ჩვენი ერთადერთი სურვილია გემსახუროთ თქვენ და ვიბრძოლოთ.
თანხმობის ნიშნად მწკრივის ჯარისკაცებმა თავები დაუკრეს მის სიტყვებს.
- წაგვიძეხი ბრძოლაში, ბატონო!
- წაგიძღვებით, არხეინად იყავით! — თქვა როგორც იქნა აზრზე მოსულმა ედსელმა, — ბრძოლა ნამდვილად არ აგცდებათ, ბიჭებო, მაგაზე შეგიძლიათ სანაძლეოც დადოთ!
ჯარისკაცებმა საზეიმოდ სამჯერ შესძახეს ვაშა. ედსელი დაიკრიჭა და პერკს გადახედა.
- დანარჩენი დანაყოფები რას შვება? — იკითხა ედსელმა, მაგრამ ჯარისკაცმა დუმილით უპასუხა. ეტყობა კითხვა გაშორდა მის აზროვნებაში ჩადებული ცოდნის ფარგლებს.
- ისინი ალბათ სხვა ხელოვნურებს აცოცხლებენ, — თქვა პერკმა, — სავარაუდოდ მიწისქვეშ კიდევაა ასეთი სათავსოები.
- ძმებო! — შესძახა ედსელმა, — წაგიძღვეთ ომში?
ჯარისკაცებმა კვლავ ვაშა შესძახეს, სამჯერ, საზეიმოდ.
- ისევ დააძინე ეგენი და მოდი რამე გეგმა შევადგინოთ, — თქვა პერკმა.
განცვიფრებულმა ედსელმა გამომრთველი მოატრიალა. ჯარისკაცები ისევ უძრავად გაიყინნენ.
- გარეთ გავიდეთ
- კარგი.
- ეს საგნებიც წამოიღე.
ედსელმა აიღო მბრწყინავი მუზარადი, შავი კოლოფი და პერკს გაჰყვა. მზე თითქმის გამქრალიყო და მარსის წითელი ზედაპირი შავ ჩრდილებს დაეფარა. ყინვასაც მოემატა სიმწვავე თუმცა ეს არცერთს უგვრძნია.
- პერკ, გაიგონე რას ამბობდნენ? გაიგონე? ბელადად შემრაცხეს! ასეთი ხალხით… — ედსელმა თავის ასწია და ცას შეჰხარხარა.
ამ ჯარისკაცებისა და იარაღის პატრონს მას ვერაფერი შეაჩერებს, იგი აუცილებლად დაითრევს ერთ სახელმწიფოს, მსოფლიოში ულამაზეს გოგოებსაც და დროის ტარება მერე ნახე!
- მე გენერალი ვარ! — შეჰყვირა ედსელმა და ჩაფხუტი თავზე ჩამოიცურა, — როგორ გამოვიყურები, პერკ, არ ვგავარ ახლა…
იგი გაყუჩდა, მას რაღაც ხმა ჩაესმა ყურებში, მოჩურჩულე, ბურტყუნა, რაო, რას ამბობს?
„ … წყეული იდიოტი, რაღაც საცოდავ პატარა სამეფოზე ოცნებობს. ასეთი ძლიერება მხოლოდ გენიოსის ღირსია, კაცის, ვისაც ისტორიის შეცვლა ძალუძს, ჩემი!“
- ვინ ლაპარაკობს? შენ, პერკ, შენა ხარ? — ედსელმა უცებ მოისაზრა რომ ჩაფხუტი სხვის აზრებს ასმენინებს, მაგრამ იმის დრო აღარ დაურჩა, გაეაზრებინა რამხელა უპირატესობას აძლევს ეს მოწყობილობა მის პატრონს.
პერკმა ის იარაღი, რომელსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში მალულად ატარებდა, ედსელს ზურგში ესროლა.
- რა იდიოტია, — თავის თავს უთხრა მან, როცა ჩაფხუტი თავად ჩამოიმხო, — სამეფო! სამყაროს უდიდესი ძლიერება ხელში ჰქონდა და იგი პატარა სამეფოზე ოცნებობდა! — პერკმა გამოქვაბულისკენ მიიხედა.
- იმ ჯარით, ძალის ველით და იარაღით მე მსოფლიოს დავიპყრობ.
მან ეს სიტყვები სრულიად მშვიდად წარმოთქვა რადგან იცოდა რომ უბრალოდ ფაქტს ლაპარაკობს. მერე ისევ მღვიმისკენ წასვლა დააპირა ხელოვნურების გასააქტიურებლად მაგრამ უკანასკნელ წამს შეჩერდა და ედსელის მოტანილ შავ კოლოფს დასწვდა. მის თავსახურზე ამოჩუქურთმებული მარსიული წარწერა იუწყებოდა: „საბოლოო იარაღი“.
„ საინტერესოა, რა უნდა იყოს ასეთი?“ — თავისთავს შეეკითხა იგი.
მან იმდენ ხანს აცოცხლა ედსელი რომ ამ უკანასკნელს ყველა მოწყობილობა გამოეცადა. რისკს აზრი არ ჰქონდა, თავად რომ ესინჯა იარაღები, ხომ შეიძლება დასახიჩრებულიყო. ძალიან ცუდია რომ ედსელმა იქამდე ვერ იცოცხლა, ბარემ ესეც გამოეცადა.
„კაცმა რომ თქვას, მე ეს არც მჭირდება“, — თავს უთხრა მან.
მაგრამ ხელადვე შეყოყმანდა. მართალია ისედაც ურიცხვი იარაღი აქვს, მაგრამ ხომ შეიძლება ამ კოლოფმა ძალიან გაუიოლოს საქმე? მით უმეტეს, ეს ნივთი ხომ ვალდებულია უნაკლო იყოს.
„კარგი, — უთხრა პერკმა თავს, — ვნახოთ რას მიიჩნევდნენ მარსიელები საბოლოო იარაღად“.
მან კოლოფი გახსნა. იქედან ორთქლი ამოვარდა და პერკმა, შხამიანი გაზი არ იყოსო, იმწამსვე მოისროლა ეს საგანი.
ორთქლი ნელ-ნელა იზლაზნებოდა კოლოფიდან და უსწორმასწორო ქულებად ფუვდებოდა ერთ ხანს, შემდეგ კი შესქელება იწყო. მერე გაიწელა, გაიზარდა, რამდენიმე წამში საბოლოო ფორმაც მიიღო და კოლოფის თავზე უძრავად ალივლივდა. ჩამავალი მზის სინათლეში იგი თეთრად ციმციმებდა და პერკმა მოისაზრა რომ უზარმაზარ ხახას უყურებს, დაგვირგვინებულს წყვილი გაშეშებული თვალით.
- ჰო ჰოუ, — თქვა ხახამ, — პროტოპლაზმა!
იგი ედსელის გვამისკენ გაცურდა. პერკმა სასროლი ასწია და მონდომებით დაუმიზნა მას.
- წყნარი პროტოპლაზმა, — თქვა არსებამ და მიიწია ედსელის ნეშტისკენ, — მე მომწონს წყნარი პროტოპლაზმა.
ამის მერე მან ერთი ყლუპით გადასანსლა გვამი. პერკმა ისროლა და ნიადაგში სამმეტრიანი ორმო გააჩინა. გიგანტური ხახა ხითხითით ამოცურდა იქედან.
- რამდენი ხანი გავიდა. — თქვა მან.
პერკმა პანიკის უფლება ჩამოართვა თავს და რკინის ხელით დაიჭირა თავისი ნერვები. მან მშვიდად ჩართო ძალური ველი და თავის გარშემო ცისფერი სფერო ჩამოაყალიბა. კვლავინდებურად მოხითხითე არსებამ ეს ნისლი შეუჩერებლად გამოიარა.
პერკმა ის იარაღი აიღო რომლითაც ედსელმა ფექსონი დაკეპა და იმწამსვე იგრძნო, სრულყოფილად გაწონასწორებული ნივთი როგორ ზედგამოჭრილად მოერგო მის ხელს. პერკმა, რადგან არსება მისკენ მოცურავდა, უკან დაიხია და ძალური ველის კედელს მიეყრდნო, რის შემდეგაც სასროლის სხივი ჩართო.
არსება ძველებურად უახლოვდებოდა.
- მოკვდი, მოკვდი! — იწივლა უკვე ნერვებდაწყვეტილმა პერკმა.
მაგრამ ფართოდ დაკრეჭილი არსება კვლავინდებურად უახლოვდებოდა.
- მომწონს წყნარი პროტოპლაზმა, — თქვა გიგანტურმა ხახამ როცა პერკს წამოემხო თავზე, — მაგრამ მე ცოცხალი პროტოპლაზმაც მიყვარს.
მან ერთი ყლუპით გადასანსლა პერკი და ძალური ველის გარეთ გამოცურდა. მერე გულდაწყვეტით მიმოიხედა ირგვლივ იმ მილიონობით ერთეულ პროტოპლაზმას მონატრებულმა, რომელიც აქ ძველ დროს იყო.

Добавить комментарий