დროში მოგზაურობა

თემურა კახიძეს ეღირსა. ამდენი ხანია ამ ხალხს უთვალთვალებს — ვერ იქნა და ვერ გაარკვია რას ჩალიჩობენ ესენი? მაგრამ მგონი მართლა ადგება საშველი: ხომ თქვა იმ აყლაყუდამ — ზეგამდე ჩვენც დავისვენებთ და აქაურობაცო.
არადა როგორ არ უნდა გაგიკვირდეს კაცს? დაუქირავებიათ შესანიშნავი სარდაფი შუა ბათუმში, თითქმის ზღვის პირზე და არაფერი. ამ ადგილას გინდა ლუდის ჩამოსასხმელს გახსნი, გინდა თონეს, გინდა სახაჭაპურეს, ან მაღაზიას და ან სართოდ რაც არ უნდა ქნა, მუშტარი სულ გეყოლება.
და ესენი? ჩაიკეტებიან იქ და არც თავად ჰყოფენ ცხვირს გარეთ და არც სხვას უშვებენ მათ ტერიტორიაზე. დარაბები მუდამ დახშული, კარი შიგნიდან ჩაკეტილი.
სხავათაშორის, ერთი ბინძური ეჭვის შემოწმებაც უნდოდა თემურის. რას შვება იმ ჩაკეტილიში ორი ახლგაზრდა ბიჭი? არ უნდა მოგდიოდეს მაგისთანა აზრები კაცს, ბოლო — ბოლო რა საინტერესოა ვინ რას იჩხიკინებს თავის ჩასვრილ იმაში, მაგრამ ახლა იმისთანა დროა, ასეთებიც მოგდის კაცს აზრად, ფუჰ! ერთია რომ ხანდახან ვიღაცა მედიდური კაცი აკითხავდა ამათ, უზარმაზარი მერსედესის ჯიპით და ცოტა ეს არ ჯდებოდა თემურას მიერ წარმოდგენილ სურათში.
თუმცა, მადლობა ღმერთს, მერე, მართალია შემთხვევით, მაგრამ ეს ეჭვი გაუფანტეს თემურის. სულ რომ არ ელოდა ისე. ეს ორი: ის მაღალი, გრძელთმიანი, კეხიანცხვირიანი და მისი ამხანაგი — ზუსტად საპირისპირო გარეგნობის პტრონი: საშუალო სიმაღლის, ჩასკვნილი, მოკლე და ძალიან შეთხელებულთმიანი კაცი გორგილაძის ქუჩაზე, მუზეუმთან რომ სკვერია, იქ იჯდა უფრო სიღრმისკენ მდგარ სკამზე.
იმ ადგილას, რომელსაც ამ უცნაურად დაკუთხული შენობის კედლები თითქმის ყველა მხრიდან ერტყმის გარშემო, სიცხიანი დღის ბოლოს საშინელი დახუთულობა უნდა ყოფილიყო წესით და ნორმალური კაცი ერთი წამითაც არ უნდა გაჩერებულიყო იქ, მაგრამ ესენი ერთი წამით კი არა, ეტყობა კაი ხანია აქ არიან და ძალიან გატაცებითაც მასლაათობენ.
სხვა ხალხი ამათ არ აქცევდა ყურადღებას, თემურაც არ მიაქცევდა, რაში ედარდება ვიღაც სკვერში მჯდარი უსაქმურები, საკუთარი გაჭირვება ეყოფა — თავი აქვს უკვე გამხმარი ბანკის კრედიტზე ფიქრით. არადა, როგორ როგორ მოატყუა ეს ნაჯდომი და ცხოვრებაში გამოცდილი კაცი იმ საქონელმა ნოდარამ! შენ კრედიტი გამოიტანე და მე ასპროცენტიანი რეცეპტი ვიცი, უწინ რომ პლასტმასის კოლოფით სიგარეტი გამოდიოდა, „ფილიპ მორისი“, იმის გაკეთებისო. თაფლი უნდა ცოტა, პიტნა, შოკოლადი და კაი თამბაქოს მეტს ქედაში რას ვიშოვით, ისეთს, თურქებს რომ მიაქვთ და მერე „მალბოროს“ ფირას ატენიანო.
როგორც კი ის ფული გამოიტანა თემურამ ბანკიდან, სანამ მთლიანდ მის გაუმაძღარ ფაშვში არ ჩაიტენა იმ ღორმა, იქამდე სულ ახლა ვიწყებ, ახლა ვიწყებო, ასულელებდა. თუმცა რისი ასულელებდა? თვითონ არაა შტერი ასე რომ გაიბრიყვა თავი? სიხარბეს აჰყვა.
ჰოდა ზუსტად მუზეუმის წინ, სამარშრუტოს რომ ელოდა, მაშინ მოჰკრა თვალი იმ ორ ჯეილს. კახაძემ სწრაფად შემოუარა მუზეუმს და იქეთა მხრიდან იმხელაზე მიეპარა ამათ, რომ ძალიანაც გარკვევით ესმოდა მათი ყველა სიტყვა.
- ისე, მალხაზ, მთლიანი კონტინუუმის გადაწევა რომ შეიძლებოდეს და წარსულშიც გასეირნება, კინოებივით იურული ეპოქინ ნახვა, ჰა?
- ჰმ, — ჩაიქსუტუნა მეორე ხმამ. რომელი რომელს ეკუთვნოდა, თემურა მაგის გასარკვევად ნამდვილად არ აპირებდა სამალავიდან თავის გამოყოფას, — სპირალს თავი დაანებე, ერთი ეს მითხარი, თავი დავანებოთ იმას რომ მზე მარტო დედამიწას აფრქვევს 35000 ათასჯერ იმაზე მეტ ენერგიას გამუდმებით, ვიდრე მთელი კაცობრიობა ხარჯავს ახლა და სულ სხვა რამე ვთქვათ.
- თქვი მერე.- პირველმა შეაგულიანა ამხანაგი.
- ა, ბატონო, ვამბობ: ზეახალი. — ეტყობა ეს გაცინების თანხლებით თქვა ამ მალხაზმა თუ ვიღაცაა.
„ესენი რაებს ლაპარაკობენ? ვინ არიან?“ — ახლა სხვა ეჭვი შეცურდა თემურის გონებაში.
- აბა ბიჯო, ეგ რომ ფეთქდება, რამდენიმე დღით მთლიანად ას მილიარდ ვარსკვლავიან გალაქტიკას ჩრდილავს და ამხელა უსასრულო ენერგია მართლა როგორ გინდა უკან ჩააბრუნო, — ამოიოხრა პირველმა, — არადა, რა საინტერესო იქნებოდა იმის ნახვა, როგორ გააჩინა შოთამ ტარიელი.
„რა შოთა, როგორ თუ გააჩინა? გასაგებია, ესენი გიჟებია და იმიტომ იქცევიან ასე… მე კიდევ უარესი, ამ ბოდიალს ვაყურადებ!“
საკუთარ თავზე ნაწყენი თემურა ის იყო გაბრაზებული აპირებდა იქურობას მოშორებოდა როცა შემდეგმა სიტყვებმა იგი ადგილზე გააქვავეს.
- იმდენი გვილაპარაკია ამაზე და მაინც ვერ ვხვდები, რა შეხება აქვს ჩვენს დანადგარს ფულთან? რა ეღირება, მილიონი? მილიარდი? თუ საერთოდაც თავს წაგვაცლიან იმის გამო რომ მომავლის ნახვა გავბედეთ?
- რას ჰქვია, რეზო, თავს წაგვაცლიან? არხეინად იყავი, ავთანდილოვიჩს მთავრობაში ჰყავს მთლად ჩახუტებული ხალხი. რადგან დაგვპირდა, ფულში იცურავებთო, ესე იგი მასე იქნება, თორემ აბა ხუთი მილიონი ლარი რატომ დაგვახრჯა? მასე უჭკუოა ვითომ, შარში გაჰყოს თავი?
- უჭკუო როგორაა… — დაიწყო მალხაზმა მაგრამ თემურას უცებ ყურები დაეხშო მათი ლაპარაკისადმი.
როგორც იქნა გაირკვა ყველაფერი! აი თურმე ის გაბღენძილი კაცი ვინ ყოფილა და ესენიც რას ჩუმათობენ იქ! რაღაცა მოიგონეს. ეტყობა მზისგან მუქთა დენის მისაღები მანქანა! გუშინ დისკავერი თუ რაღაცა რომ ჰყვებოდა! ჰოდა ის მანქანაა იმ სარდაფში…
იმ დღეს თემურა კახაძეს დილამდე არ დაუძინია, გეგმებს აწყობდა და მოიფიქრა კიდეც რაც უნდოდა. რთულ მანქანას, ცხადია, თავად ვერ აამუშავებს, მაგრამ რომ მოიპაროს და გამოსასყიდი მოითხოვოს, ძალიანც კარგი აზრია. ის გაუმაძღარი ნოდარაც გამოადგეს იქნება რამეში, ოღონდ ჯერ თემურამ მარტომ უნდა ნახოს რაა და როგორაა, როგორმე უნდა შეიპაროს წინასწარ.
იმ სარდაფთან ღამე მისვლა, ორივე გასაღების ანაბეჭდის აღება და მათი გამოქლიბვა ცხადია არ გასჭირვებია. მაგრამ შესვლასაც ხომ ხელსაყრელი დრო უნდოდა? ერთია უცებ ჩარბენა და ყალიბის თიხით ანაბეჭდების აღება და მეორეა კარის გაღება, შიგ შესვლა და კარების მოხურვა. თანაც კარგი და რაღაცის ჩართვა- შემოწმება მოუწიოს და იმ რაღაცამ შუა ღამეში გუგუნი მორთოს? არა, დღისით შესვლაა საჭირო. ერთიც იქნება ხომ დაისვენებენ? მით უმეტეს, ეტყობა ბოლოსკენ მივიდნენ უკვე, რადგან ფულს ითვლიან.
ნანტრი დღე არც ისე დიდი ხნის მერე ეღირსა თემურას, იმ ლაპარაკის მიყურადებიდან თვეზე ბევრად მეტი არ იქნებოდა გასული. რადგან „ზეგო“ — თქვა იმ მალხაზამ, ეს სახელი აყლაყუდასი ყოფილა თურმე, მაშინ ხვალ დილით თემური ესტუმრება მათ სამფლობელოს, დაზვერავს რისი გამოტანაა შესაძლებელი და როგორ იზამს ამას. თავად მოპარვა უხმაურო ამბავია, თემურას იმედი ჰქონდა, ღამითაც მოვახერხებო.
მეორე დღეს, სისხამ დილით, სანამ ხალხი გაღვიძებას იწყებდა, თემური უკვე სარდაფში იყო და დღის გაჩაღებას ელოდა. იქამდე ვითარების შესწავლას შეუდგა. თუმცა შესწავლას რა? როგორ უნდა განესხვავებინა ერთმანეთში ამდენი გაუგებარი მოწყობილობა? არსებითად მხოლოდ ორ რამეს მიხვდა.
პირველი იქვე, შემოსავლელი კარის მოპირდაპირზე კედელზე ჩამოკიდებული დაფა იყო. უფრო სწორად, იქ დახაზული სქემა. იგი ორ წრეს შეიცავდა. ერთში „მზე“ ეწერა და იგი თითქოს დაფაზე გავლებულ სწორ ხაზს მიჰყვებოდა სადღაც მარჯვნივ, იქეთ იყო მიმართული „მზისგან“ ამოჩრილი ისარი.
მეორე წრეში „მიწა“ ეწერა. სწორი ხაზის ნცვლად იგი დახვეულ ხაზს მიუყვებოდა, „მზის“ გზას რომ ზამბარასავით ეხვია ირგვლივ.
„ნეტა ესაა ის სპირალი, მაშინ რომ ახსენეს ამათმა იქზე, მუზეუმთან რომ იჯდენ?“ გაახსენდა თემურას. „ესე იგი რა, აქ ისაა დახატული, როგორ იღებენ ესენი ელექტროდენს მზისგან?“
ამ შეკითხვით მან ამოწურა ნახაზის გარჩევა და მეორე ნაცნობ საგანს მიუბრუნდა. უფრო სწორად, ორს. ერთი დიდი სავარძელი იყო ამ უზარმაზარი სარდაფის შუაგულში. მეორე მართლა გასაკვირი რამ — კოსმონავტის სკაფანდრი იდო ზედ.
„სად ელექტროდენი და სად სკაფანდრიო?“ ერთი კი იფიქრა თემურმა მაგრამ ხელადვე ანება მისთვის გაუგებარ თემაზე ტვინის ჭყლეტას თავი. მისი მთავარი ამოცანა ახლა ის იყო, გაერკვია, რა აქვს აქედან მოსაპარი. გასაგებია, ეს ყველაფერი ერთად მუშობს და ცალ-ცალკე უსარგებლოა, მაგრამ მისთვის ხომ ისიც საკმარისია, ამ ყოველივეს მხოლოდ ერთი, რაც შეიძლება ძირითადი ნაწილი აწაპნოს?
თემურმა მიმოიხედა. ნეტბუკები, რაღაც მინის თუ ფაიფურის ბალონები ნადვილად არაფერს წარმოადგენს… იმ უზარმაზარი კარადის ტოლა დანადგარებს, კედლების გასწვრივ რომ ჩამწკრივებულან, ვერ მოერევა. გამოდის რა? მარტო ეს სკაფანდრი და ეს სავარძელი შეუძლია წაიღოს? მერედა რა კავშირია აქვს ან ერთს ან მეორეს უფასო დენთან?
თემურმა გულგატეხილობა და გაღიზიანება იგრძნო: როგორ ტყუილად ვიწვალე ამდენიო! ის იყო სულ უფრო გუნებაწამხდარი აქაურობის დატოვებას აპირებდა, როცა ბოლო წამს იცვალა აზრი. მაინც ხომ შემოვაღწიე, ამდენი ვიჩალიჩე, დრო უამრავი მაქვს, მოდი, დავჯდები ამ სავარძელზე, იქნებ და მართლა რამე მოხდესო?
ასეც ქნა. იქ მყოფი ეს უცნაურობა სკაფანდრი დაითრია, მძიმე ყოფილაო, გაუკვირდა, და იქვე იატაკზე დააგდო უდიერად. ამის მერე ერთ საფეხურიან კვარცხლბეკზე ავიდა და სავარძელში მოკალათდა.
უცნაურობები იმწამსვე დაიწყო. საიდანღაც, სავარძლის საზურგეს უკნიდან პატარა დაფა გამოცურდა მოქნილ მილზე მიმაგრებული და თემურის თვალწინ გაჩერდა. კიდევ წამი და დაფა ეკრანად განათდა. კაცმა იმის გაფიქრება მოასწრო, „ დიდი პლანშეტი ყოფილაო,“ როცა ეკრანზე რაღაც აეროპორტის განრიგივით ცხრილი გამოისახა.
სულ ზედა სტრიქონში ეწერა „დროის მიმართულება“
მეორეში: „წინ“ და „უკან“.
პირველი სიტყვის ქვეშ მარჯვნივ მიმართული მწვანე ისარი ეხატა, მეორეს ქვემოთ მარცხნივ მიმართული წითელი.
მათ ქვემოთ, შუაში სიტყვა „შუალედი“ ეწერა და მის ქვემოთ კიდევ სამი სტრიქონი იყო: „საათი“, „წუთი“ და „წამი“.
„ეს რა ჯანდაბაა?“ დაიბნა თემური, თუმცა დიდი ხნით გაშტერებაც არ აკადრა თავს. „ვითომ დროის გადასაწევი მანქანაა კინოსავით…? დროის არა ისა, მეც რას ვსულელობ? თუმცა… იმის არ იყოს, ხარჯი ნაქნარია, მოდი რამეს დავაჭერ.“
თითების ფათური მან ზემოდან დაიწყო, თუმცა სანამ ისრებთან არ ჩამოვიდა იქამდე არაფერი ხდებოდა. ხოლო როგორც კი წითელ ისარს შეეხო, იგი ხელადვე კაშკაშად აციმციმდა. ამის მერე დროის აღმნიშვნელ სტრიქონებში ნოლები აინთნენ, ხოლო კიდევ რამდენიმე წამში ყველა ირგვლივ მყოფმა კარადამ ააგუგუნა ბანი.
„მართლა სწორად მიფიქრია დღისით აქ შემოსვლა.“ შეაქო მან თავი და ამის მერე ახალ საფიქრელს მიეცა.
ახლა ის ჰქონდა გასარკვევი, რასთანა აქვს საქმე. ისე, კაცმა რომ თქვას, ისინი ხომ მაშინ მართლა წარსულში მოგზაურობაზე საუბრობდნენ, რომ დაუკვირდეს კაცი. ჯერ დინოზავრებიო, მერე შოთაო და ის, ხო კაცო, ტარიელი შვაო! ესე იგი რა, რუსთაველი ჰყავდათ მხედველობაში?
ბოლოს და ბოლოს თემურამ სამართლიანად დაასკვნა რომ ასე ფიქრით იგი ვერაფერს გაარკვევს, ამიტომ უბრალოდ უნდა მოსინჯოს. ჰოდა მანაც ის იყო თითი დროის ტაბლოსკენ წაიღო, როცა უკანასკნელ წამს მაინც შეყოყმანდა — კი მაგრამ ეს სკაფანდრი რატომაა აქო? ალაბათ ამაში ჩაცმული თუ რთავენ ამ მანქანას ისე საშიშიაო.
მან რისი ვაი-ვაგლახით მოირგო ეს რთული საშუალება ტანზე და ისევ სავარძელზე ასული თავიდან შეუდგა დროის აკრეფას, თუმცა ახლაც არ გამოუვიდა შეფერხების გარეშე. რამხელა შუალედი ავკრიფოო, ის უნდა გადაეწყვიტა. ცოტა ხანი ბჭობის შემდეგ გადაწყვიტა რომ შესანიშნავ გამოსავალს მიაგნო. ჯერ უბრალოდ სულ ორ-სამ წუთს აირჩევს, ნახავს როგორ მოწმედებს ეს აპარატი და მერე თუ მართლა დროში მისვლა-მოსვლის მანქანაა ეს, იქნება სკაფანდრიც გაიხადოს და იმ დროზე დააყენოს საათები, როცა ჯერ კიდევ საერთოდ არ იყო ამ ოთახში ნამყოფი. ანუ მისი აქ ყოფნის კვალიც არ იქნება სადმე და ამავე დროს უკვე დაზვერილი და გაგებული ექნება ვითარება. რაც შეეხება ფულს, მგონი უფრო დიდი გამოსასყიდლის მოთხოვნა შეეძლება, ვიდრე თავიდან ეგონა. სიხარულმა აავსო თემურას გული.
ოდნავი წაყოყმანების შემდეგ მან წუთების სტრიქონში ციფრი „სამი“ აკრიფა და მერე ტაბლოს ძირში მყოფ „ენტერს“ დააჭირა.
თვალის დახამხამებში იგი უკუნეთ სიბნელეში აღმოჩნდა. სავარძელიც გაქრა, ოთახიც, მას თითქოს არაფერი იჭერდა და არც რამე იყო ირგვლივ გარდა ყველა მხრიდან მოკიაფე ვარსკვლავებისა. იგი თითქოს ჰაერში დაფარფატებდა.
უცებ მის ჩაფხუტში ქალის სასიამოვნო ხმა გაისმა:
- თქვენ სამი წუთით დაბრუნდით წარსულში და აქედან გამომდინარე სივრცის ამ ადგილას ბრძანდებით, რომლიგანაც მზის თანადროულად მოძრავი დედამიწა 36000 კოლმეტრითაა დაშორებული უკვე. ღია კოსმოსის პირობებში უფრო ხანგრძლივი ყოფნა საშიშია თქვენი სიცოცხლისთვის, ჰაერის ბალონები არ გაქვთ მიერთებული. სასწრაფოდ უკან დასაბრუნებლად თქვენს მარცხენა სამაჯურზე მყოფ წითელს ღილაკს დააჭირეთ და კოლეგას აცნობეთ რომ დაუყოვნებლივ უკან დაგაბრუნოთ.
„ რა კოლეგას?“ მეხის გრგვინვასავით დაიგუგუნა კითხვამ თემურას გონებაში და ამავდროულად მან იგრძო როგორ ცივი გველივით საზარელი რაღაცა ჩაუსრიალდა გულში.
თემურას ხელადვე მოეჩვენა რომ სუნთქვა უჭირს, იგი აფორიაქებული შექანდა და ამით მდგომარეობა იცვალა. ისევ ვარსკვლავები იყვნენ ყველა მხრივ ჯერ, მაგრამ შემდეგ წამს მისი თვალთახედვის არეში უზარმაზარი ბურთი გამოჩნდა.
კახაძე ერთხანს გაშტერებით უყურებდა მას, მაგრამ მერე კიდევ სხვა რამეს მოჰკრა თვალი. ამ პირველი ბურთის იქედან მეორე, უფრო მომცრო გამოჩნდა და სადღაც მარცხნივ გაფრინდა. ის პატარა ბურთი ფერმკრთალი და შეუხედავი იყო, მაგრამ ეს დიდი ნამდვილად რაღაცას აგონებდა შეფერილობით. ცოტაც და თავზარდაცემულმა თემურამ გაიხსენა: მის თვალწინ მზით განათებული უზარმაზარი გლობუსი ცურავდა შავ უკუნეთში და იგი სულ უფრო შორდებოდა ასეთი კარგი გეგმის შემდგენელ კაცს…