ბესთსელერი

სამოთხის ლაჟვარდოვნად გასხივოსნებულ ხეივანში ოთხი მოღუშულსახიანი კაცი მოაბიჯებდა. ცუდ განწყობას მათ ვერც ედემის ჩიტთა გალობა უქარვებდათ და ვერც ყოველ მხარეს უსასრულოდ გადაჭიმული თვალწარმტაცი ხედები. ამას ისიც დაერთო რომ ამ უდროო დროს ნაცნობ ახმახს — სიტყვამრავალ და კირკიტა ინჟინერ-ოსტატს გადაეყარნენ.
— რაშია საქმე, რაღაც უჟმური სახეები გაქვთ? — გაკვირვებით შეეკითხა იგი, — უფროსი გაგიწყრათ?
შეკითხვას მოყოლილი პაუზა წალკოტიდან მოდინებულმა, ზეციური ქნარის ჰანგებმა შეავსო.
— ჰო, — როგორც იქნა ცალყბად თქვა ოთხეულიდან ერთმა, ჩაფსკვნილმა, დაბალ-დაბალმა, გრძელულვაშიანმა კაცმა.
— დავალება ვერ შეუსრულეთ, ვერ მოასწარით? თუ რატომ ჯავრობს? – უმალვე ახალი კითხვა გაუჩნდა ოსტატს.
— მოვასწარით, — უხალისოდ და ნაძალადევად გაეპასუხა ულვაშა, — დიდი ხანია!
— დიდი ხანია? — კიდევ უფრო მოიმატა ინჟინრის გაკვირვებამ, — მაშ რა ხდება, ვერ ივარგა თქვენმა წიგნებმა? აკი დაგპირდათ, ბესთსელერობა არ ასცდებათო?
ამჯერად იმან, ვინაც აქამდე ელაპარაკებოდა ოსტატს, ხმაამოუღებლად გაიხედა გვერდზე და ერთი მწარედ ამოიხვნეშა. მაგრამ არც ინჟინერმა დაყარა ფარ-ხმალი ასე იოლად და ახლა სხვა, კიკინა წვერიან, სუსტი აღნაგობის მწერალს მიუბრუნდა:
— ვაა! ესე იგი შეცდა პატრონი?! არ გამოდგნენ თქვენი წიგნები ბესთსელერებად? ვერ მოიპოვეს აღიარება?
— არა, მაგაში პატრონი არ შემცდარა. ჩვენმა თხზულებებმა ისეთი აღიარება ჰპოვეს, სხვებს რომ არც დასიზმრიათ! — წვერებიანის ნაცვლად მესამემ — საშუალო ტანის, შავტუხა, თავგადაპარსულმა კაცმა დააკმაყოფილა თანამოსაუბრის ცნობისმოყვარეობა.
თუმცა, როგორც შემდგომ წამს გამოირკვა, დაკმაყოფილების მაგიერ ამ პასუხით მწერალს კიდევ უფრო მეტად აეშალა ოსტატის საღერღელი.
— მოიცათ, კაცო! — უმალვე აქაქანდა იგი, — გამოდის, თქვენც კარგად ქენით საქმე და უფროსსაც დანაპირები აუსრულებია! მაშ ან თქვენ რითი ხართ უკმაყოფილო, ან ის რამ გაანაწყენა?
ოდნავი პაუზის შემდეგ, მან ისევ გააგრძელა თავისი გაოგნებული მონოლოგი:
— აღარ იტყვით ბოლო-ბოლო, ვის რა არ მოგწონთ?
— ჩვენ კი მოგვწონს, — უსიხარულოდ განმარტა ულვაშებიანმა, — ისაა უკმაყოფილო!
— რატომ კი მაგრამ?
— იმიტომ რომ იმ… იმ… მკითხველებმა ჩვენი წიგნების გამო დაჭამეს ერთმანეთი! დაიყვნენ ჯგუფებად და „არა ეს ჯობია და არა ესო“ იძახიან!
— მერე მაგაზე უკეთესი რაა მწერლისთვის, როცა ასეთი თავგამოდებული მკითხველები ჰყავს? — ჯერ-ჯერობით რაც კი თქვეს მწერლებმა, ყველაფერმა გააკვირვა ინჟინერი.
— არ ყოფილა მთლად მასე, — ამოიოხრა თავგადაპარსულმა.
— აბა როგორ ყოფილა, თუ კაცი ხარ?! რა ამბავია ამდენი გამოცანები? მითხარით წესიერად, თუ მეუბნებით! — უკვე გაღიზიანებაც კი დაეტყო ბრგე ინჟინერს.
— მერედა არ გეუბნებით? — შემრიგებლური ტონით ალაპარაკდა წვერებიანი, — იმ ჰმ, მკითხველებმა ჩვენი წიგნები ისე ახლოს მიიტანეს გულთან, რომ არავის ჰპატიობენ მათზე აუგის თქმას!
მან გამწარებით შემოჰკრა ხელი ხელს და განაგრძნო:
— მაგას დაანებე თავი, ვინმემ თუ თქვა: „არ მინდა, საერთოდ არ ვკითხულობ წიგნს, არ მიყვარს კითხვაო“, იმასაც შავ დღეში აგდებენ! მოკლედ, არავის ინდობენ!
— რას ჰქვია არ ინდობენ? — წარბები აქაჩა და თვალები გადმოკარკლა ოსტატმა.
— რას ჰქვია და ზუსტად იმას, რასაც ვამბობ — კლავენ!
— რაო?! — ახლა მთლად განცვიფრდა ხელოვნებასთან არც თუ ისე გაშინაურებული მუშაკი.
— ახრჩობენ, ძარცვავენ, თავებს აჭრიან, კიდურებს აჩეხენ, სახლებს უწვავენ, ცხენებით ხლეჩენ, სარზე სვამენ, აუპატიურებენ, კოცონში აგდებენ, მდუღარე ფისს ასხამენ პირში… მოკლედ, ყველანაირ უბედურებას სჩადიან! — სასოწარკვეთით და უკიდურესი იმედგაცრუებით ჩამოთვალა კიკინა წვერებიანმა.
— ბიჭოს, გადამრიეთ მე თქვენ! ეს რა გავიგონე! კი მაგრამ, ასეთი რა დაწერეთ მაგ წიგნებში?
— რა და მხოლოდ ის, რაც იმან შეგვიკვეთა! — ამრეზით გაიშვირა ცერა თითი უკან, უფროსის კაბინეტისკენ, თავგადაპარსულმა, — მოექეცით ხალხო ერთმანეთს კარგად და სიკეთე თესეთო! მეტი არაფერი!
— აუჰ! ყველამ თუ ეგ დაწერეთ, მაშ რას ვერ იყოფენ მკითხველები? — ოსტატი ვერა და ვერ ჩასწვდა გამოცანას.
ისევ ულვაშიანი შეეცადა მისთვის ვითარების ახსნას:
— ჩვენ-ჩვენს ტექსტში ყველამ ერთიდაიგივე კი დავწერეთ, მაგრამ ოთხივემ სხვადასხვანაირად!
ოსტატმა ისევ დააღო პირი შემდეგი კითხვისთვის, მაგრამ გადაიფიქრა. მერე თავი მიაბრუნა და ერთხანს იქვე გადაფურჩქნულ ხასხასა ყვავილნარს მიაჩერდა გაშტერებით.
ის იყო მწერლებმა იფიქრეს ამასობაში გავეპარებითო, რომ ინჟინერმა დააყენა საშველი და გამოერკვა თავისი ფიქრებიდან:
— მერე გააუქმოს უფროსმა მაგ წიგნების გაყიდვა, აკრძალოს საერთოდ!
— ვუთხარით და გვიანიაო! ის ხომ უკვე დაიმახსოვრეს რაც წაიკითხეს, და აწი ტვინიდან როგორღა ამოვუშლიო? — უხალისოდ განუმარტა თავგადაპარსულმა.
— ხოო, ეგ მართალია…
— და შენ სად მიდიხარ? — როგორც იქნა, აქეთ შეეკითხა წვერიანი ოსტატს.
— სადა? ჰმ, ე მაგან, თქვენ რომ ხასიათი გაგიფუჭათ, დამავალა ახალი ჭაბურღილი გაიყვანეო, — უპასუხა მას ინჟინერმა და მყისიერი დაფიქრების შემდეგ, თითქოს რაღაცა მოისაზრაო, ოდნავ დამცინავი ღიმილით, მრავალმნიშვნელოვნად გადახედა მწერლებს.
— ვაა! — გაუკვირდა კიკინა წვერიანს, — ნუთუ მართლა აღარა აქვს მათი იმედი?
— რა ვიცი, ჯერ გაბურღეო… კაი წავედი, აბა კარგად! — დამშვიდობებისას ისევ დაფიქრებით გააქნია თავი ოსტატმა.
— კარგად! — ჩაილაპარაკა ულვაშამ, ხოლო დანარჩენები უხმოდ, თავის დაკვრით გამოემშვიდობნენ ოსტატს.
— ჰო მართლა, რა სათაურები აქვთ თქვენს ბესთსელერებს? — ბოლო წამს გაახსენდა ინჟინერს.
— „მაჰაბჰარატა“, — უპასუხა გძელულვაშიანმა.
— „ბიბლია“, — შეეხმიანა კიკინა წვერიანი.
— „ყურანი“, — უხალისოდ ამოილაპარაკა თავგადაპარსულმა.
ოსტატი მეოთხეს მიუბრუნდა, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში ერთი სიტყვაც არ დასცდენია.
ამ კაცს იგი არც ისე კარგად იცნობდა და მისი იერის გამო ცოტა უცნაურ პიროვნებადაც მიიჩნევდა. აბა როგორ უნდა მიეჩნია, როცა ამ ახალგაზრდას სწორი, ორად გაყოფილი თმა მხრებამდე ჩამოზრდოდა, ხოლო ტანზე სულაც აგურისფერი, სახელოებიანი ტომარა ეცვა!ამ უცნაურმა კაცმა სევდიანი თვალები გაუსწორა ოსტატს და უღიმღამოდ ამოილაპარაკა:
— მე კიდე იმ ბიბლიის გაგრძელება დამაწერინა. „სახარება“ დაარქვა.
მწერლები მოლოდინავსებული თვალებით მიაჩერდნენ თანამოსაუბრეს.
— რა ვიცი, მაგ გაუგებარი სათაურების მიხედვით აბა რა უნდა გითხრათ? — ხელები გაშალა ოსტატმა.
მერე ერთი კიდევ შეათვალიერა ოთხეული და მათ დამშვიდებას შეეცადა:
— რას იზამ, ვის არ ჩავარდნია პროექტი?
— ხო, — უხალისოდ დაეთანხმა წვერიანი, — შეცდომაა ამნაირი წიგნები, სიკეთის მაგიერ უამრავი გასაჭირი დაატეხეს მკითხველებს. ეჰ!
ამ სიტყვების გამგონე ინჟინერი მოიქუფრა და ერთხანს უფროსის სამყოფელისკენ იყურებოდა დაფიქრებით. მის თვალებში ფოლადის სიმტკიცე აისახა, ხოლო აქამდე მოდუნებული სახის ნაკვთები თითქოს ქვად ექცნენ. ბოლოს იგი, როგორც იქნა დაბალი, ხრინწშერეული ხმით ალაპარაკდა:
— ეტყობა მართლა შეცდომის გამოსწორება უნდა პატრონს, იმიტომ დამავალა კიდევ ერთი დიდი აფეთქება.

Добавить комментарий