თანამშრომლობა

თანამშრომლობა
მხედველობით და ბგერით მონაცემთა დასტები სადენებში ჩაიტვირთნენ და კომპიუტერს გადაეცნენ. რაღაც ცნობები მას ისედაც ყოველ წამს უამრავი მიეწოდება, მაგრამ ამჯერად გზავნილი არა ყოველდღიური მდგომარეობის გაანალიზებას ეხმარებოდა, არამედ კომპიუტერს უნდა დაედგინა — მის საკუთარ ფუძე პროგრამას როგორ შეესატყვისება სხვა ბიომანქანის მახასიათებელები.
ამ პროგრამის სრულყოფას ბევრი დააგვიანდა — ზოგიერთი მზე არ ანათებს მაგდენ ხანს. ჯერ ესო, მერე ისო, რა საჭიროა ამდენი ქვეპროგრამა, რომელსაც აღარავინ იყენებსო? მოკლედ, იმ დღიდან მოყოლებული როცა ამ განაწესის პირველი ბწკარი დაიწერა და იქამდე, სანამ უახლესი, ყველაზე თანამედროვე ვარიანტი შეჯერდებოდა, იმდენმა დრომ განვლო რომ ისიც კი, ვისაც მთავარ პროგრამისტად მოიაზრებენ, მგონი ვეღარაფერს უგებს თავის ნახელავს.
ამ უკანასკნელი ვარიანტის საბოლოობაც არავის სჯერა დიდად მაგრამ რა გზაა? ფუძე განაწესის გარეშე ვერ აიწყობა ახალი მანქანები და ამიტომაცაა ასეთი არასრულყოფილი პროგრამის გამოყენება უხდებათ. მანქანების დამზადება კი აუცილებელია რადგან თუ ახლები არ აიწყო, მაშინ ეს მოწყობილობებიც ისევე სამარადისოდ გაქრებიან, როგორც ურიცხვ მათ მსგავსს მოუვიდა.
ყოველ შემთხვევაში, ასეთია ფუძე პროგრამის უმთავრესი მოწოდება-ბრძანება: უნდა შეიქმნას ახალი მანქანები. თუმცა ეს განაწესი რატომღაც არაფერს ამბობს იმის თაობაზე, საერთოდ რა საჭიროა ეს მექანიზმები, ან ვის რა მოაკლდებოდა მათი გაქრობით? ხანდახან ჩნდებ ა კიდეც ეჭვი რომ ისინი თავიანთ გარდა, სხვას მართლა არავის სჭირდება რამეში.
ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მოწყობილობა, ეს მანქანებიც ვერ იქმნება მარტო პროგრამით და ნახაზებით, მათ აშენებასაც ნედლეული ესაჭიროება. უმეტესად ძალიან გავრცელებული და იაფფასიანი მასალა: ნახშირბადი, წყალბადი, ჟანგბადი, აზოტი და ფოსფორი. სხვა ნივთიერებებიც გამოიყენება მათ საკეთებლად, დაახლოებით სამოცამდე, მაგრამ ეს უკანასკნელნი სულ უფრო მცირე რაოდენობით, ამიტომ მათი ჯამური ღირებულება არცაა სახსენებელი. მოკლედ, ეს თვისება ნამდვილად კარგი აქვთ ამ თვითგამრავლებად მოწყობილობებს — ნედლეულის მხრივ მათი დამზადება იაფი ჯდება.
ამ სიაფეს დამპროექტებლის უსაზღვრო სიბრძნეს მიაწერენ. კერძოდ კი იმას, რომ მანქანათა შექმნისას პრაქტიკულად არ გამოიყენება ვერცხლი, ოქრო, პლატინა, პალადიუმი, ირიდიუმი და დანარჩენი ძვირადღირებული ლითონები. თორემ, იყო მოსაზრება — ამ ელემენტებს რომ შეიცავდნენ ეს მოწყობილობები, მაშინ იქნება ახლები აეწყოთ კი არა და ძველები, ანუ ერთმანეთი დაეშალათ მაგ სიმდიდრეთა გამოო.
ანდა შეიძლება თვითღირებულების შემცირება უნდოდათ? მართლაც, რა საჭიროა ასეთი გაურკვეველი დანიშნულების მანქანისთვის ძვირფასი ლითონების ხარჯვა?
ასევე შემქმნელის სწორ ნაბიჯად მიიჩნევა ურანის, პოლონიუმის, სტრონციუმის, რადიუმის, თორიუმის და მსგავს რადიოაქტიურ ნივთიერებათა არგამოყენება. თორემ ახალთა შექმნის პროცესში, რომელიც ძველი ავტომატების ძალიან მჭიდრო სიახლოვეს მოითხოვს, აუცილებლად წარმოიშვებოდა კრიტიკული მასა, რის შედეგადაც ეს მონდომებული და აქოშინებული მცდელობა ჯერ კიდევ დაპროექტებისას შეწყდებოდა ატომური აფეთქებით.
თავად ამ პროექტის ამბავიც არაა მთლად მარტივად. ყოველ ბიომანქანას მისი მხოლოდ ნახევარი გააჩნია. მეორე ნახევარი კი აუცილებლად სხვა, ცოტათი განსხვავებული ბიომანქანისგან უნდა მიიღოს. გადაცემა ხდება გამჭოლი არხით, რომლითაც ერთი მანქანა მეორეს უერთდება და რომელშიც კონვეირის ლენტად სითხე გამოიყენება.
ამ გზით მათ თავ-თავისი კონსტრუქციული უპირატესობები შეაქვთ მომავალი აპარატის პროექტში. ყოველ შემთხვევაში ასეთია ჩანაფიქრი, მაგრამ სინამდვილეში რაც ხდება… არა, მთლად მასე ვერ იტყვი: „მტრისასო“, მაგრამ… ერთი სიტყვით, მიუხედავად ნახაზების გულდასმითი და წრფელი შეჯერებისა, სამწუხაროდ, შედეგი მაინც არაა განაღდებული.
მაღალხარისხიანი ნახაზების აღმოჩენაზე დაპროგრამებული მიმღებები მუდმივ ძიებაში არიან. ყოველი შემდეგი, პოტენციურად გამოსადეგი თანამეწარმის შენიშვნისთანავე ისინი დაუყოვნებლივ გადასცემენ თავის კომპიუტერს მის გამოსახულებას, რასაც მერე აუდიო და ქიმიურ მახასიათებლებსაც მიაყოლებენ.
კომპიუტერი იკვლევს მიღებულ ინფორმაციას და აწვდის ფუძე პროგრამას. ეს უკანასკნელი ადარებს ამ მონაცემებს თავისი საწარმოს ნახაზებს და ადგენს, ღირს თუ არა ამ სავარაუდო მეწყვილესთან ერთად ახალი საერთო ავტომატის შექმა.
ამ თანამშრომლობის დაფუძნებაც სხვადასხვანაირად ხდება. ახალ მოწყობილობას, რომელსაც ჯერ არ ჰქონია კონტაქტის დამყარების მცდელობები, არა აქვს იმის საშუალება რომ კანდიდატის თვისებები შეადაროს უკვე ნანახებს. ამიტომ პირველივე, მისი ჭკუით შესაფერისის ამოჩენისთანავე დაუყოვნებლივ და საწარმოს მთლიანი მარაგის გამოყენებით იწყებს მოქმედებას.
ამ დროს მას იმდენი ბიოელექტრობა და ბიოქიმია ეხარჯება რომ აღარა აქვს იმის საშუალება, სხვა კანდიდატებიც დაინახოს და მათი თვისებებიც შეისწავლოს. ავტომატი უბრალოდ ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად დაამყაროს ახალი მანქანის წარმოშობისთვის საჭირო კონტაქტი.
უკვე ნამუშევარ მექანიზმთა კომპიუტერები კი არ იძლევიან ყველა რესურსის ერთ ჯერზე ხარჯვის უფლებას. ისინი უფრო დიდხანს და გულდასმით იკვლევენ მორიგი კანდიდატის თვისებებს და ძალიანაც ხშირად, საკუთარ კომპიუტერში მყოფ ნახაზებთან ბევრი შეუთავსებლობის გამო, იწუნებენ მას.
მაგრამ, რადგან მანქანათა არსებობის ვადა შეზღუდულია, კომპიუტერსაც არ შეუძლია უსასრულოდ ელოდოს — როდის გადავეყრები იდეალური ნახაზების პატრონსო. ბოლოს და ბოლოს ეს გამოცდილი ავტომატებიც იძულებულნი არიან ხელი ჩაიქნიონ ზუსტად თარგის შესაბამისი თანამეწარმის ძებნაზე, ჰყაბულდებიან მეტ-ნაკლებად გამოსადეგს.
მით უმეტეს, შემდგომში, თუ იღბალმა გაუმართლა და პროგრამა ნახაზის მართლა აბსოლუტურ შესატყვისობას გადაეყარა, ყოველთვის შეიძლება კიდევ ერთი საერთო საწარმოს შექმნა.
ნახაზიო, სახელად ქვია, თორემ სინამდვილეში ესაა ოთხნაირი თანმიმდევრობით შეერთებული აზოტისა და წყალბადის ატომები. მერე მათი ნაზავის გასაერთიანებელ ქვითკირად ნახშირბადს, ჟანგბადს და ფოსფორს იყენებენ.
უწინ რომ იძახოდნენ, ბიომანქანის თავისუფალი ნებით ხდება მის თავს რაც ხდებაო, ტყუილი გამოდგა — სინამდვილეში თურმე ამ ხუთი იაფფასიანი და თავზესაყრელი რაოდენობა ნივთიერების თანმიმდევრობა განსაზღვრავს მის ბედს!
მოკლედ, თანმიმდევრობა ყოფილა რაც ყოფილა. მაგიტომაა ეს ავტომატები, მიუხედავად იმისა, ოთხმოცდათექვსმეტი პროცენტით ნაყარ-ნუყარა გაზებისაგან შედგებიან, მათი დანახვისას ვერაფრით იფიქრებ, ამათ გაზთან რამე კავშირი აქვთო!
როცა კომპიუტერი საბოლოოდ გადაწყვეტს — კონტაქტია საჭიროო, იგი მკვეთრად ზრდის საწარმოს მთავარი ენერგეტიკული გენერატორის წარმადობას და მიმღებ-ანალიზატორების მგრძნობიარობას. საერთოდაც, მანქანის ყველა დეპარტამენტი გადადის საგანგებო რეჟიმში. იმიტომ რომ ავტომატებს შორის პირველი კონტაქტის დამყარება ისევე რთულია, როგორ, მაგალითად, უცხოპლანეტელებთან დაკავშირების მცდელობა.
პროგრამა „სეთი“ ეგერ უკვე ნახევარი საუკუნეა გასძახის კოსმოსს: “ჰეი, ჩვენ აქა ვართო!“ — მაგრამ არამიწიერი მოაზროვნე არსებები მის რადიოშეძახილებს აინუნშიც არ აგდებენ. სამი მიზეზია: ან ვერ ვაგონებთ, ან იმათ არ აინტერსებთ და ან ისინი საერთოდაც არ არსებობენ. ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით.
გალაქტიკაში ზარის გაშვება სამყაროს ყველაზე გავრცელებული ელემენტის — წყალბადის სიხშირეზე ხდება, ანუ ჩვენი აზრით, ყველასათვის გასაგებ, უნივერსალურ ენაზე.
ეს გაზებისგან აწყობილი ბიომანქანებიც ამ კანონს ითვალისწინებენ და ცდილობენ რაც შეიძლება უფრო გასაგები და ყოველგვარი ორაზროვნების გამომრიცხავი, უნივერსალური სიგნალი გაუგზავნონ თანამშრომლობის კანდიდატს. ისე რომ ამ უკანასკნელმა არა მარტო კარგად გაიგოს შემოთავაზებული თანამეწარმეობა, არამედ ნათლად დაადგინოს: მას მაღალხარისხოვანი, ნატიფი ნახაზების პატრონისგან მოუვიდა წინადადება.
ჯერ მხედველობითი კავშირი მყარდება მომავალი მეწყვილის ვიდეომიმღებებთან, მერე სწორდება აუდიოსისტემის სიხშირე და მოდულაცია, ანუ შეირჩევა საჭირო ტემბრი.
თანამშროლობის გაფორმება იწყება კანდიდატი ავტომატის სახელწოდების გახმოვანებით. შემდეგ მოდის უნივერსალური აუდიო კოდის პირველი ფარზა:
- მე შენ მიყვარხარ.
რასაც მოჰყვება დანარჩენი აუდიოფრაზები, რომლებსაც მთავარი კომპიუტერი შემთხვევითობის წესით ირჩევს.
მერე კი, როცა ეს ბიოწარმონაქმნები მთლიანად ამოწურავენ თავიანთი არსებობის მარაგს, ისინი დროთა განმავლობაში ისევ იმ ატომებად იშლებიან, რომელთაგანაც იყვნენ აწყობილნი და ამ სახით მეტ-ნაკლებად უსასრულოდ აგრძელებენ არსებობას, ფარფატებენ სივრცეში, ანუ იმ გარემოში, რომელიც ასე ნაცნობად და მარტივ ასაღქმელად გამოიყურება ხოლო სინამდვილეში კაცმა არ იცის რას წარმოადგენს…

Добавить комментарий